ფსიქეას ბლოგი

De omnibus dubito!

რატომ არ უნდა მოვიტყუოთ… თურმე ცხვირს რამდენი რამ სდომებია…

ამ ფორუმ.გე-ს გადამკიდე, უფრო სწორედ ერთი თემის, რინოპლასტიკით დავინტერესდი. მარტივად ვიტყვი – ცხვირის ოპერაციით. ამ დაინტერესებისას ისეთი დეტალები აღმოვაჩინე, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მკითხავთ, მოგცლიაო. მაგრამ მოდერი ვარ და ისე გამოდის, ხანდახან გოგონების გაშველება მიხდება. ერთი სიტყვით, დამაინტერესა, მაინც რა არის ეს ცხვირის ოპერაცია და როგორც წესი ჩემს საყვარელს ინტერნეტს მივმართე.

აღმოვაჩინე, რომ ქართული ნეტი მეტად მწირია რაიმე გითხრას ან გაგაგებინოს. ერთადერთი კლინიკა, სადაც გაიგებ თუ რას აკეთებენ და როგორ – კუზანოვებისაა. გულანთებული ვეძიებდი ფორუმზე ასე პოპულარულ ჯანაშიას საიტს – იქნებ ერთიანად შევადარო რა ხდება ან თავის მეთოდიკაზე რაიმე დაწეროს მეთქი. ერთადერთ სტატიას „ავერსის“ საიტზე გადავეყარე, რამაც ინფორმაციულად დიდად არ მომხიბლა. გავიგე, რომ ღია მეთოდიკას მიმართავს, ტამპონებს არ ხმარობს და ოპერაციას აკეთებს სედაციის მეთოდით. ეს სედაციაც სულ ახლახან გავიგე რა ხილია. მას შემდეგ რაც ამ ამერიკელი ექიმის /რომელიც ბოლო 6 წელია მგონი ამერიკის საუკეთესო პლასტიკურ ქირურგად ითვლება/ ბმულზე წავიკითხე, სედაციამ დიდად არ მომხიბლა. საკმაოდ ბევრ რისკს შეიცავს. ვერც ის გავიგე, რას ნიშნავს უსისხლო? /არა ძალიან მარტივად ნამდვიალდ არაა საქმე. რით მიიღწევა ეს უსისხლობა? აი, ესაა მთავარი./ ალბათ, გაგვარკვევს ექიმი, მაგრამ მე როგორც ძალიან ეჭვიან პაციენტს უკვე ერთგვარი ბარიერი გამიჩნდა. თუმც, მინდა ვთქვა, რაც კი მისი ნახელავი მინახავს, იცის ამ ადამიანმა ცხვირის ოპერაცია და კარგადაც იცის. ის ერთ-ერთია, ვისაც თბილისში ეს საქმე, როგორც იტყვიან “საკაიფოდ” გამოსდის.

ვერ ვიტან ვირუსულ პიარს. არადა ჩვენს სივრცეში ყველაზე აქტიურად ის მუშაობს სწორედ. ამიტომ, გადავწყვიტე ისევ ფორუმის იმედად არ დავრჩენილიყავი და სამეცნიეროსთან მაინც მიახლოვებული ინფორმაცია მეძია. ფორუმი კი მეტად სუბიექტური წყაროა და არაფრისმომცემი.

კვლავ განვაგრძე  ინფორმაციის ძიება – დავინტერესდი ღია მეთოდიკაზე – გუგლის ბიძიას საძიებოში ჩავუწერე: რინოპლასტიკის ღია მეთოდი – და ისევ კუზანოვების საიტი ამომიგდო. ვერ ავცდი მათ საიტს და ჩავუჯექიი… ჩავუჯექი და ჩემთვის იმდენი ახალი რამ გავიგე, რომ პირდაპირი მნიშვნელობით პირი ღია დამრჩა…

თუ დააკვირდებით ჩემს მიერ დადებულ სურათს, ღია მეთოდიკაზე სიმონ მუმლაძეს საუბრობს. ევრიკაა, გამიხარდა და მივაშურე მის ბლოგს. თუ რა არის ღია მეთოდი, იქნებ დამატებით, უკვე ჩემი არსებული ცოდნა შევავსოთქო. მაგრამ, აქაც კოვზი ნაცარში ჩამივარდა. არანაირი საჭირო ინფორმაცია :)

თითქოს ყველამ პირი შეკრაო :) ისევ ფორუმი? ფორუზე კიდე ერთ ექიმს, ქურიძეს სწყალობენ მეტად… ის კი, დახურული მეტოდით მუშაობს. ჰოდა, გუგლმა ისევ ფორუმი ამომიგდოო :D ერთი სიტყვით, აქაც რომ ვერაფერს გავიგებდი კარგად მივხვდი, იქნებ სხვაგან ვეძიოთქო :D და მივაშურე FB-ს.

იქნებ აქ გამიმართლოს და რაიმეს მივაგნო მეთქი… ჰოდა, “რაღაცას” მივაგენი… რამაც ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა. რას? აი, გაჩვენებთ. დავაკონკრეტებ. სიმონ მუმლაძის ძიება ამ ჩვენს საყვარელ სოციალურ ქსელიშიაც დავიწყე. აღმოვაჩინე მისი პირადი გვერდი და „პლასტიკური ქირურგია/ Health Center“ – რა თქმა უნდა ინფორმაცია რა არის ღია წესით რინოპლასტიკა, ვერ მოვიპოვე, მაგრამ გულდასმით დავიწყე სურათების დათვალიერება და შეუსაბამობა აღმოვაჩინე. „პლასტიკური ქირურგიის ცენტრის“ საიტზე და მის გვერდზე ერთი და იგივე სურათში, ერთი და იგივე გოგოს, სხვადასხვაგვარი ცხვირის წვერი აქვს :) ევრიკაა, დავაკვირდი და ნამდვილად არ მეშლებოდა. ერთ სურათზე ცხვირის ზურგი აშკარად მოკლეა და წვერის მომრგვალება საკმაოდ ზემოდან იწყება, მეორეზე კი განსხვავებულია…

რომ ბევრი არ გავაგრძელო აი, რას ვგულისხმობ. ნახატზე გაჩვენებთ. ეს არც მეტი, არც ნაკლები – ცხვირის წვერის დაშვებაა. ერთში ქირურგი ხვდება, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება წარმატებულ ოპერაციად ჩაითვალოს და მას ასწორებს. ეტყობა, ექიმი არ ელოდა, რომ ჩემნაირი აუტანელი და კირკიტა პაციენტი ან მნახველი ეყოლებოდა მის გვერდს. დარწმუნებული ვარ, მეც რომ დიდი დრო არ დამეხარჯა იმაზე და არ გამეგო რა არის ცხვირის წვერის არმირება და შემდეგ მისი დაშვება, ვერც ვერაფერს მივხვდებოდი. მაგრამ გავიგე და, როგროც „105“-ები იტყოდნენ ოდესღაც – „აი, გამიტყდა, რაა მაგრად, გამიტყდა“.

პირად გვერდზე განთავსებული სურათი.

კლინიკის გვერდზე განთავსებული სურათი


ისე სხვათა შორის, მსგავსი შეუსაბამობები სხვა ფოტოებშიც ვნახე. ოღონდ დამეზარა მათი მსგავსი ფორმით დამუშავება. ამიტომ, ამ ჯერზე ამას დავჯერდები… უფრო ღია ფერის ფოტო „დაუმუშავებელია“, ჩამუქებული, ჩემი აზრით – „დამუშავებული“.

P.S. და თუ რა არის „არმირება“  და „წვერის დაშვება“  ამას შემდეგ უსტარებში მოგახსენებთ. :)

ისე, მგონი მოცლილი ვარ, რომ არ დამეზარა ეს სამუშაო… უნდა ვთქვა, რომ სურათები სხვადასხვა ზომის იყო, დავიყვანე ერთ ზომაზე. მაგრამ ის გიფი და ხაზებიც რომ არ გამეკეთებინა, განსხვავება აშკარად ჩანს ცხვირის წვერის ფორმაში. შესაძლოა უმნიშვნელოა ერთი შეხედვით, მაგრამ რინოპლასტიკაში სულ ოდნავ გათვითცნობიერებული ადამიანისათვის უკვე ბევრისმთქმელია.

April 25, 2011 - Posted by | დაეჭვება, ჯანმრთელობა და სილამაზე |

Sorry, the comment form is closed at this time.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.