თირეოიდექტომია “ჰარმონიკის” სკალპელით
საქართველოში ბოლო დროს ძალზე გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ადამიანურად გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ და რასაც ვუწოდებთ ხოლმე – ჩიყვი. საქართველო იოდდეფიციტის გეოგრაფიულ ზონად ითვლება. ერთ-ერთი მიზეზი ამ პათოლოგიის ასე გავრცელებისა სწორედ იოდდეფიციტია. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, არა ერთადერთი. საბოლოოდ, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მსგავსი გავრცელების მიზეზი სტრესი, გარემოს დაბინძურება, მძიმე მეტალებით დაბინძურება, ვირუსული ინფექციები და ა.შ. შეიძლება იყოს იოდის დეფიციტთან ერთად.
დავუბრუნდეთ იოდის დეფიციტისა და ორგანიზმისთვის მისი არასაკმარისი მიწოდების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა დიფუზური (მთელი ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) ეუთირეოიდული (არატოქსიური) ჩიყვი, მიმდინარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვლის გადიდება კომპენსატორული რეაქციაა, „სამშენებლო მასალის“ – იოდის ნაკლებობის პირობებში თირეოიდული ჰორმონების საკმარისი რაოდენობის სინთეზის უზრუნველსაყოფად. იოდის დეფიციტის ყველაზე ხშირი გამოვლინება კვანძოვანი ჩიყვის განვითარება გახლავთ. ქალებში კვანძები 2-4-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება. სხვადასხვა სტატისტიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ერთეული კვანძების ავთვისებიანობის შესაძლებლობა მხოლოდ 5 %-მდეა.


