წითელი ვაშლი გაგორდა, უხარისხო ვაშლი…/ისევ და ისევ რეკლამა/

ნებისმიერი რეკლამა მომხმარებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის იქმნება.  რამდენად ეფექტურია ეს ზემოქმედება სხვადასხვა მეთოდებით განსაზღვრება. დამკვეთისათვის, ალბათ. უპირველესი განმსაზღვრელი ის უკუგებაა, რომელიც მისი პროდუქტის რეკლამირების შემდეგ მიიღო ან არ მიიღო. თუ გაყიდვები გაიზარდა და პროდუქტი პოპულარული გახდა, მაშასადამე რეკლამამ იმუშავა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ უკუგების შენარჩუნება.

ძალიან ხშირად, არის მცდარი წარმოდგენა, რომ რეკლამა მხოლოდ ერთგვარი ‘’ზომბირებაა’’ მომხმარებლის. ალბათ უმართებულო სიტყვა ვიხმარე, მაგრამ რეკლამა რომ ზემოქმედებისათვის იქმნება, ამაზე არა ვკამათობ. უბრალოდ ეს ზემოქმედება აუცილებლად მიზანმიმართული უნდა იყოს და ზუსტად უნდა იცოდეს თავისი სამიზნე ჯგუფი. რეკლამა არ უნდა იქმნებოდეს მხოლოდ რეკლამისათვის, ე.ი. არ უნდა იყოს მხოლოდ ‘’თვითკმაყოფილი’’ ‘’კრეატივშიკის’’ ნაყოფი. არადა ძალიან ხშირად ასე ხდება ქართულ სარეკლამო სივრცეში.

ადრე დავწერე, რომ ქართული სარეკლამო სივრცე, როგორც ჩანს მხოლოდ დამკვეთის გემოვნებასა და შემსრულებლის ფანტაზიას ეყრდნობა და ალბათ, არ ტარდება არანაირი წინასწარი კვლევა ამა თუ იმ რეკლამის ეფექტურობაზე მეთქი. შესაძლოა ეს ვინმეს ჩემს ახირებად მოეჩვენოს, მაგრამ მჯერა, BCI-ის სულ მცირედი პირველადი კვლევა, რომ ჩაეტარებინა მისი ბოლო რეკლამის იდეისა, აუცილებლად უარყოფით პასუხს მიიღებდა შემთხვევის წესით არჩეული რესპონდენტებისგან. იდეის მოწონებაზე გამოკითხვა, რეკლამის ეფექტურობის შესწავლის პირველი ნაბიჯია. მინდა, შევნიშნო, მსგავსი კვლევა დროის და ფინანსურ დანახარჯსაც მოითხოვს და ეჭვი მაქვს, მას არავინ ატარებს.

მომიტევოს რეკლამის ავტორებმაც და დამკვეთებმაც, მაგრამ მსგავსად გაუმართლებელი იდეა დიდი ხანია არ მინახავს. ვერავინ დამიმტკიცებს იმას, რატომ უნდა იყოს ჩემთვის ოჯახური კონფლიქტი, რომელიც ბავშვების თვალწინ ხდება და სადაც სეკუნდანტები ბავშვები არიან, წინაპირობა იმისა, რომ მე აუცილებლად დავაზღვევ ჩემს მანქანას? და თუ მხოლოდ ამისათვის შეიძლება მშობლებმა ბავშვების თვალწინ ერთმანეთი დახოცოს, რატომ იმაზე არავინ ფიქრობს, რომ შეიძლება საერთოდაც გადავიფიქრო მანქანის შეძენა არათუ დაზღვევა… და ეს გადაპრანჭული ტრაგიზმი, ხომ საერთოდაც სასაცილოა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე დიდი ღირებულება არსებობს? თურმე ეს დაზღვევაა!!! და კიდევ უარესი – ავტომობილი, რომლის გამოც დედამ შეიძლება მამა მოკლას და მამამ დედა…

მე არ ვეხები შესრულებას. აქ სულ სხვა საკითხზე მაქვს საუბარი. ‘’კრეატივზე’’. რომელიც ასე მოდური სიტყვაა…

ისე ისიც მაინტერესებს, ამ რეკლამის გაშვებიდან გაიზარდა თუ არა პროდუქტის გაყიდვების მოცულობა სადაზღვევო კომპანიაში? ეს ზრდა იმხელაა, რომ ფარავს რეკლამაში ჩადებულ ხარჯებს და სარეკლამო სატელევიზიო ბადის ხარჯებსაც? იმედი მაქვს ვცდები და რეკლამა მუშაობს.  იზრდება BCI-ის კლიენტთა რაოდენობა და ბევრი აზღვევს საკუთარ ავტომობილს.

რეკლამა გამახსოვრდება მის უარყოფით განცდაში, მაგრამ არა მისი ბოლო და მთავარი ფრაზა – დააზღვიე და მოიგე მეორე ავტომობილი, თუ რაღაც მსგავსი…

არადა, ძალიან უჭირთ ძირითადი აქცენტების დასმა რეკლამაში. ეს კი მთავარია – რატომ, რატომ უნდა ვენდო ამ პროდუქტს? იქნებ იმიტომ, რომ ეს დაზღვევა უფრო უკეთესი პირობებითაა, ვიდრე ჩემი კონკურენტი ფირმისა? არა, აქ აქცენტი სულ სხვა მომენტზეა გადატანილი და ეს მაეჭვებს – არანაირ დამატებით ან კარგ პირობებს არ მთავაზობს სადაზღვევო კომპანია, მხოლოდ უაზრო სატყუარას, რომელიც კიდევ უფრო უაზროდ არის მოწოდებული ჩემთვის.

რჩევა BCI  ჰოლდინგს: მოითხოვეთ შემსრულებლისგან დაისვას სწორი აქცენტები რეკლამაში… მანქანების დაზღვევა მერეც უნდა გააგრძელოთ. 🙂