პოპულარული სოფიზმები* /ასოციაციური ზემოქმედება/

„რაც არ დაგიკარგავს ის შენია. რქები არ დაგიკარგავს, შესაბამისად შენ რქიანი ხარ“

ადამიანი მუდამ თვითკმაყოფილია, როდესაც მისი მოსაზრებები დასაბუთებულია, და რა მოხდა თუ არგუმენტი შესაბამისად ძლიერი არაა, თვით დასაბუთება კი სუსტია. ჩვენი ქცევა ყოველთვის ლოგიკური არაა, რადგან ხშირად ჩვენს აზროვნებაზე ზეგავლენას ახდენს სწორედაც შეუსაბამო დასაბუთებები. კრიტიკული აზროვნების არსი კი იმაშია, რომ განავითაროს ერთგვარი სკეპტიციზმი და, იმავდროულად, გარკვეული კეთილგანწყობა შეინარჩუნოს გარშემომყოფებთან. იცოდე როდის შეიძლება მისაღებად ჩათვალო მოსაზრებები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმის ცოდნა, თუ როდის უნდა დაეჭვდე. თუ თქვენ ჩაწვდებით „ცრუ მტკიცებულებების“ შექმნის საერთო პრინციპებს, თქვენ მზად იქნებით იმისთვის, რომ გამოიცნოთ ისინი და თავი დაიცვათ მათგან.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენი საქციელი ხშირად სცილდება ლოგიკის წესებს და მას ჩვენი აზროვნების შეუსაბამო დასკვნები წარმოშობს. ამის წინაპირობა სწორედაც ეს ე.წ. სოფიზმებია. შეუძლებელია ყველა მცდარი დასკვნის ტიპების ჩამოთვლა, უზარმაზარი ნუსხა გამოგვივა და ზოგიერთი ერთმანეთს გადაფარავს.  ამიტომ, ალბათ, უმჯობესია ამ ცრუ მტკიცებულებების აგების ზოგიერთი ზოგადი პრინციპი განვიხილოთ და როცა მსგავს აღმოვაჩენთ, მათგან თავის დაღწევასაც ადვილად შევძლებთ, რათა მათი გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ.

1. ასოციაციური ზემოქმედება.

ერთი ყველაზე ძველი ფსიქოლოგიური პრინციპია – თუ ორი მოვლენა ერთმანეთთან თანხვედრაშია დროსა და/ სივრცეში, ადამიანის ცნობიერებაში მათ შორის კავშირების დამყარება იწყება. და თუ მოხდა რაღაც ერთი მოვლენა, ადამიანს მეორე მოვლენის ხდომილების მოლოდინი უჩნდება. ეს პრინციპი ძალიან აქტიურად გამოიყენება პოლიტიკაში, განსაკუთრებით ასოცირებული დანაშაულის ეფექტის მისაღწევად. დავუშვათ, თქვენ კითხულობთ გაზეთში, რომ სერიული მკვლელი მხარს უჭერს პრეზიდენტობის კანდიდატს. ეს მხარდაჭერა აუცილებლად ზიანს მოუტანს კანდიდატს და ამ ზიანზე შესაძლოა ეს მკვლელი არც კი ფიქრობდეს და არც სურდეს მსგავსი ზიანის მოტანა.

აი, აქ კი დაფიქრება მართებს მკითხველს, ვინაიდან თუ მსგავსი ასოციაცია გაგიჩნდათ, მთელი შეტყობინება გულისყურით უნდა წაიკითხოთ და გაანალიზოთ, რისკენაა ის მიმართული, თქვენი ემოციისკენ თუ თქვენი გონებისკენ.

ასოციაციური დანაშაულიც შეიძლება გამოიწვიო ადამიანში და ასოციაციური კეთილგანწყობაც. ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანის სახელს უკავშირებენ, სხვა „კარგი“ ადამიანების სახელებს და ნებსით თუ უნებლიეთ მათ თვისებებს მივაწერთ ხოლმე პირველს. აქ სწორედ ერთი ანდაზის პრინციპი მოქმედებს: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. თუმცა მსგავსი ასოციაცია სულაც არაა გამართლებული.

ნებისმიერი ინფორმაცია ან შეტყობინება პარალელებზე დაფუძნებული, აუცილებლობით მოითხოვს თავად ამ ასოციაციის ხასიათის გაგებას. თუ მაგალითად, დეპუტატობის კანდიდატი არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, სრულიად გასაგებია თუ ჩავთვლით, რომ ის ამ პარტიის პრინციპებს იზიარებს. მაგრამ თუ კანდიდატის დედის დაქალი მოცემული პარტიის წევრია, მგავსი გაიგივება აბსურდულია.

ძალიან ხშირად, ძალიან ინტენსიურად მიმართავენ ასოციაციურ ზემოქმედებას ამა თუ იმ პოლიტიკური კანდიდატის ე.წ. „იმიჯმეიქერები“ და კანდიდატის მოწინააღმდეგეები. თუ საზოგადოებისათვის უპირატესია ემოციური განწყობა და არა „დაეჭვება“, ეს მეთოდი შესანიშნავად მოქმედებს შევქმნათ ადამიანისგან ან გმირი ან კრიმინალი.

* სოფიზმ-ი [ბერძ.σόφισμα, ] ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი /ცრუ/ დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას.