ფაქტოიდი: იცი, რას მღეროდნენ? – “მიშა მაგარია”-ს…

რამდენიმე დღის წინ ფორუმ.გე-ზე თემა გავხსენი, „ფაქტოიდები“ და ვთხოვე ღრმადპატივცემულ „იუზერებს“ მათთვის ცნობილი ფაქტოიდების ნიმუშები მოეწოდებინათ ჩემთვის… ეს ერთგვარი ლაკმუსი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, თუ რას მიიჩნევს საზოგადოება „მოგონილ“ ტყუილად და რას სიმართლედ. როგორც ველოდი, გამოხმაურება მეტად ცოტა მოჰყვა ამ თემას, მხოლოდ 14. აქედან სამი ჩემი, არადა 408-ჯერ გადაიკითხეს ის…

თუმც უნდა აღვნიშნო, ფორუმის ღრმადპატივცემული საზოგადოება ყოველდღე მსჯელობს იმაზე, რა მართალია და რა დადგმული თუ ტყუილი… ამდენად, თითქოს ასეთი ნაკლებ აქტიურობა არ უნდ აყოფილიყო ტყუილ-მართლის ირგვლივ. მეჩვენება, საზოგადოებას საერთოდ დაეკარგა ორიენტირი და ვეღარ ასხვავებს უკვე რეალობას გამოგონილისგან… სად დაიკარგა სიმართლე  ან დაიკარგა კი? იქნებ აქ ჩვენი ფანტაზიები, განწყობები და ცრუ ასოციაციები უფრო გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამყაროს აღქმაში, ვიდრე ჩვენი სმენა ან მხედველობა? სად „იკეტება“ გონების კარი ასე მყარად, მე ამაზე სრულყოფილი პასუხი არ მაქვს.

ჩემი აზრით მეტად საინტერესო,  „ფაქტოიდის“ მოძიებაში, ისევ ფორუმი დამეხმარა და ერთი ქართული ელ.გამოცემაც კი გამაცნო, კერძოდ ამბები.გე. სულ რაღაც 2 კვირის წინ ფორუმზე აქტიურად განიხილებოდა სამოყვარულო ვიდეო, კერძოდ, ზუგდიდის ერთ-ერთ ქორწილში პოლიციელების მიერ „მიშა მაგარია“ სიმღერის შესრულება. ამან მეტად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ფორუმის საზოგადოების აზრი ორად გაიყო… ერთნი თვლიდნენ რომ ეს სამარცხვინოა, მეორეთათვის ეს არაფერს ნიშნავდა… რატომ გავიხსენე ეს ფაქტი… სწორედ ამბები.გე-მ გამახსენა. ვიღაცამ ჩათვალა, რომ თუ კიდევ სადმე ვინმე პოლიციელს მსგავსი რამ მიეწერება, ეს აუცილებლად უკურეაქციას გამოიწვევს ხალხში და რაც მთავარია, ერთი მსგავსი დაფიქსირებული ფაქტი ხომ უკვე არსებობს? ამდენად ძალიან მომგებიანია აქ ჩაირთოს მკითხველის ასოციაცია და მისი „დაჯერებაც“ ადვილი  იქნება. ჰოდა, „ამბებმაც“ არ დააყოვნა და 25 ივნისს გამოჩნდა სტატია სათაურით: „რას მღეროდა ვანო მერაბიშვილი რესტორან „თავადურში“?“ უკვე დამაინტრიგებელი სათაურია, არა?… არა, არა, არ შეგაწყენთ თავს ამ სტატიის შინაარსის მოყოლით… მხოლოდ ერთ წინადადებას მოვიტან რესპუბლიკელ მურმან დუმბაძის ინტერვიუდან: „…რესტორან „თავადურში“, საიდანაც ბათუმის ბრწყინვალე ხედი იშლება, ქეიფობდა თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი რამდენიმე ათეულ თანამშრომელთან ერთად და იცი, რას მღეროდნენ? – “მიშა მაგარია”-ს. – აი, ეს არის ჩვენი დეპოლიტიზებული პოლიციის, განსაკუთრებით კი, მაღალჩინოსანთა ნამდვილი სახე.

აი, შეიკრა კვანძი. სიტყვა ნათქვამია, სიმღერა „ნამღერია“ და „მიშაც მაგარია“ – უნდა ვენდოთ სიტყვაზე დუმბაძეს და „ამბებს“, მაშინ როდესაც აი, ძველი ჩანაწერთან მიახლოებული მცირედი ჩანაწერიც კი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ჩვენი ასოციაცია, ჩვენი განწყობა და უნდობლობა…

მაშ შეიქმნა „ფაქტი-ფაქტოიდი“ და მიდი ეძიე სადაა სიმართლე და სად ტყუილი… ისევ ჩვენ განწყობას დავუგდოთ ყური და არ დავივიწყოთ: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“…

P.S. და საერთოდ ხდებოდა კი ეს ამბავი “თავადურში”? აქაც დავეჭვდები🙂