ჩემი საყვარელი ლომი „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ …

გახსოვთ ალბათ, TBC ბანკის ცნობილი სლოგანი: „ჩემს გვერდით ჩემი ბანკია“… საქართველოს ბანკის ახალი სლოგანი – „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ რატომღაც ამ სლოგანის უხეშ პერიფრაზად მეჩვენება… არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი ასოციაციური ჯაჭვი პირველად აქეთ წავიდა…

საქართველოს ბანკის ბოლო რეკლამას, მართლაც TBC-ის ეს სლოგანი უფრო მოუხდებოდა…  ხვდებით ალბათ, „ლომზე“ ვამბობ… მინდა თავიდანვე აღვნიშნო, „ვინდფორსის“ ეს ბოლო პროექტი ძალზე წარმატებულია მისი, ჩემი აზრით, წარუმატებელი წინა /BCI-ის რეკლამა/ პროექტის შემდეგ.

თავის დროზე „საქართველოს ბანკის“ რებრენდინგი მზის ფერებშიც მეტად წარმატებული იყო… ეს ფერი ბანკმა კვლავ უნდა შეინარჩუნოს და მგონი აქტუალურიცაა, რომ თავისი ლოგოტიპი „გააცოცხლოს“. მე ძალიან, ძალიან მომწონს რუსთაველზე ამაყად, მძიმე თავდაჯერებული ნაბიჯებით მომავალი ნადირთა მეფე. ეს რეკლამა, მართლაც მომგებიანი საიმიჯო რეკლამაა და ამაში დიდი წვლილი ულამაზეს ლომს ეკუთვნის, ჩვენს ყველა სტერეოტიპს რომ აკმაყოფილებს ნადირთა მეფეზე… ძლიერი, ამაყი, ცოტაოდენ ამპარტავანი ლომი თითქოს „დაცულობის“ და „ყველაზე ძლიერის“  განცდას ბადებს და იჯერებ, რომ ეს მართლაც ასეა… საქართველოს ბანკსაც ხომ მსგავსი პრეტენზია აქვს?

გახსოვთ, ალბათ,  „წითელ ვაშლში…“ ვწერდი, რომ სწორი აქცენტების დასმა მეტად მნიშვნელოვანია რეკლამაში. იგივე ათმაგად უფრო მნიშვნელოვანია სლოგანის შერჩევისას, ვინაიდან ამ დროს ყველა საჭირო ძირითადი აქცენტი კეთდება, რომელიც ჩვენს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში უნდა დაილექოს…

სამწუხაროა, რომ საქართველოს ბანკს არ შეუძლია თქვას: „ჩემს გვერდით ჩემი ლომია!“🙂

————————————————————————————————————