“აქსისი”… ყველაფერი კარგად იწყებოდა…

დღეს საღამოს, როდესაც სიცხისგან გათანგულმა ვირტუალურ სივრცეში დავიწყე ბორიალი, რაიმე ახალი საინტერესო მასალის მოსაძიებლად, როგორც ყოველთვის გუგლს მივმართე და საძიებო ველში „საიმიჯო რეკლამა“ ჩავწერე. გუგლმაც არ დააყოვნა და რაც ოდესმე უპოვია ამ სიტყვათშეთანხმებით მის „ობობას“ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ყველა შესაძლო საიტი ამოატივტივა… ჩემი ყურადღება „24საათის“ ერთმა ძველმა სტატიამ –  „რეკლამის ეფექტურობას მისი კრეატიულობა განსაზღვრავს“ – მიიპყრო, რომელიც გასული წლის 29 ოქტომბრით არის დათარიღებული. საუბარი სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებთან იყო და რომელი ფირმა რა ტიპის რეკლამას ანიჭებს უპირატესობას…  პირველი კომპანია „აქსისი“ გახლდათ… ავკრიფე ჩემთვის ნაცნობი მისამართი, რომ კვლავ

აქსისის ვებ-გვერდი

დამეთვალიერებინა ამ კომპანიის ვირტუალური „ფრონტ-ოფისი“ და… დიახ, დიახ, მსგავსი სურათი დამხვდა….

სასწრაფოდ ავკრიფე დარჩენილი ორი კომპანიის ვებ-მისამართები და ისინი მუშაობდნენ…

გულწრფელად გითხრათ, ამ სურათმა მეტად დამთრგუნა და „აქსისის“ ბაზარზე შემოსვლა, მისი ძალზედ გონივრულად წარმართული სარეკლამო კამპანია და საიმიჯო რეკლამის ქართულ სივრცეში დამკვიდრება გამახსენა… მაშინ ჩვენთვის ცოტა უცნაური რამ გამოჩნდა ეკრანზე – „აქსისი“ საკუთარი სახეებით გვეცნობოდა… მე ვარ „აქსისის“ ინჟინერი… არქიტექტორი… მენეჯერი და ა.შ. ეს უცხო იყო ქართული სარეკლამო სივრცისათვის და სრულიად ახალი.

აქ თავად სარეკლამო რგოლების შესრულების ხარისხს არ ვეხები. ეს არაა არსებითი. მთავარი ამ ყველაფერში ის იყო, რომ ამ ტიპის რეკლამით კომპანიამ თითქოს თავის შესაძლო მომხმარებელთან უშუალო დიალოგი დაიწყო, გაიხსნა, გაგვეცნო და ამით სანდოობის და ღიაობის იმიჯი შეიძინა. ეს მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – ფსიქოლოგიურად მომხმარებელი თითქოს ნაცნობ გარემოში აღმოჩნდა. „აქსისის“ გამოწვდილ ხელს მომხმარებელიც გულღიად დახვდა…

მას შემდეგ 11 წელი გავიდა… დღეს თითქმის ვერ ნახავ კომპანიის სატელევიზიო ან რადიო რეკლამას. ნამდვილად არ ვიცი რა ხდება მის თავს, მაგრამ ცარიელი, გათიშული საიტის ნახვამ გული დამწყვიტა…

…..ყველაფერი მართლაც კარგად იწყებოდა….