თქვენ „ფრანციცული“ კარგად გეკერკებათ? „ახლა მე ევროპეიჩესკი რომანს გიმღერავთ“

სოსისიის, რომ ქართულ სარეკლამო პროდუქციას ხშირად არაქართული სიმღერა გასდევს და აქტიურად გვესმის ინგლისური ენა რეკლამიდან, უკვე მივეჩვიეთ. როდის ან როგორ დამკვიდრდა ეს ჩვენ სარეკლამო სივრცეში, არ დავფიქრებულვარ, მიეჩვია თვალი და ყური ამ ამბავს მეტად… ზოგი ამბობს, არ უხდება რეკლამას ქართული სიმღერაო… რა ვიცი, რა ვიცი… იქნებ პრობლემა უფრო ღრმაა – შემოქმედთა კრიზისი ან… ზედმეტად ძვირი სიამოვნება იქნება ეს დამკვეთისათვის. ამდენად შემსრულებელიც აღარ იწუხებს თავს დიდად და ისევ ინგლისურენოვან ცნობილ ან უცნობ მელოდიას იყენებს…

მარტო აქ რომ მთავრდებოდეს პრობლემები და უგემოვნობა კარგი იქნებოდა… ახლა უკვე „ფრანციცულადაც“ დაიწყო საუბარი „ქართულმა რეკლამამ“… მიხვდით ალბათ, სატელევიზიო სარეკლამო ბადეს აქტიურად ავსებს ქართულ-უკრაინული ძეხვეულის მწარმოებელი საწარმოს და მისი პროდუქციის სარეკლამო კლიპი. გაგეცინებათ, მაგრამ ამ წარმოების ინგლისური სახელწოდება ვერ დავიმახსოვრე. არც წარწერა ჩანს შავ ფონზე წესიერად წითელი ფერით, რომელიც დასასრულს გვამცნობს, რომ თურმე მათი პროდუქტი უნდა მივირთვათ…

უკვე ორჯერ დავწერე, აქცენტები უმნიშვნელოვანესია სწორად დაისვას რეკლამაში, რომ ამით დამახსოვრებადი გახდეს ის. რომც მინდოდეს დაგემოვნება, სახელი არ მახსოვს და მაღაზიაში შესული ტელევიზორი ჩამირთეთ და სარეკლამო ტიხარს უნდა დაველედოთქო, ვერ ვიტყვი…

„მე სოსისი მინდა“ – მესმის ბავშვის ხმა და თაკო ჩხეიძისეული გაკვირვებული სახით ნათქვამი – „სოსისი?!“ და სუფრაზე შემოაქვთ ძეხვეული…

მანამდე კი რა ხდება? ეს ვერ გავარკვიე სად ვართ – რომელ საუკუნეში და რატომ „ფრანციცულად“… უცებ ხანუმა მახსენდება „ქეთო და კოტედან“: „როცა მამამ პეტერბურგში წაგიღო, კარტული სულ დაგავიწყდა“, „ეხლა მე ევროპეიჩესკი რომანს გიმღერავთ. პრასიმ!“ /მიმართავს როიალთან მჯდომ პიანისტს/.

ჰო, რატომ, რატომ ეს გაურკვეველი „ევროპეიჩესკჟი რომანსი“ და არა ქართული სუფრული. ვამეტებ ახლა, ვამეტებ უდავოდ, მაგრამ გაურკვეველი სნობიზმის ჭია რომა გვღრღნის განა საკამათოა? მაკარისა არ იყოს, თავადაზნაურთა წრეში რომ უნდოდა თავის გამოჩენა. ჰოდა, ეს „ევროპეიჩესკი“ მიმბაძველობა ჩვენს ყველა მცდელობას ფუჭად და სასაცილოდ აქცევს, რადგან სადღაც იკარგება ის მთავარი, რაც რეკლამამ უნდა გვითხრას…

ბოლომდე მაინც არ მესმის, სად არის მთავარი პრობლემა:

  • არასწორად მუშაობენ დამკვეთების მარკეტინგის და ფიარ სამსახურები?
  • შემსრულებელს წარმოსახვის უნარი აკლია?
  • დამკვეთს არ ძალუძს გადაიხადოს იმდენი, რომ რეკლამა შესაბამისად სასარგებლო იყოს მათთვის?
  • ან შემსრულებელი აკეთებს იმას, როგორაც დააფასეს…

აქ კიდევ ბევრი კითხვის დასმა შეჟიძლება. კი ბატონო, ცნობადი სახე ხშირად მეტ სანდოობას იწვევს პროდუქტის რეკლამირებისას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის გადაარჩენს სრულიად უშინაარსო წამოწყებას.

დღევანდელ დღეს, სრულიად მართებული ფიარითა და სარეკლამო კამპანიის სწორი დაგეგმვით, „ბათოილი“ შემოვიდა თავისი პროდუქტით… აკი, გახდა კიდეც ის ყველაზე გაყიდვადი ქართული პროდუქცია.

იმედი მაქვს – „მე სოსისი მინდა“-ც გამოასწორებს შეცდომებს და მართებულად დაგეგმავს თავის სარეკლამო პოლიტიკას. ბოლოს და ბოლოს, სახელი მაინც ხომ უნდა დავიმახსოვროთ?!