“ჩემი” საყვარელი მხატვრები – ელ გრეკო

გადავწყვიტე ცალკე კატეგორია გავხსნა ფერწერაზე და მას „ჩემი მხატვრები“ დავარქვი. რატომ პირველად ელ გრეკო? სრულიად უბრალოდ, დღეს „გაცრეცილ“ ხასიათზე ვარ, სწორედ ისეთზე, როგორი ფერებიც მის იმ ორ ტილოშია,რომელსაც აქ დავდებ… იმედი მაქვს მაპატიებთ…

ავტოპორტრეტიუცნაური ბედისაა ეს ესპანელი ბერძენი. XX საუკუნემდე მას ივიწყებენ, არც ხელოვნების ისტორიკოსები ცნობენ მას ამ დრომდე, ამოშლიან თითქოს ისტორიიდან…

მისი საყვარელი ქალაქი ტოლედოც ივიწყებს მას, მაგრამ რჩება მისი იმ დროისათვის სრულიად უჩვეულო შემოქმედება, რომელიც სურთ მოაქციონ ესპანური მანიერიზმის ჩარჩოებში, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია.

მის ცხოვრებაზე მეტად მწირი ინფორმაციაა. ბოლომდე არც ის ვიცით, მის ავტოპორტრეტად ცნობილი სურათი მართლაც მხატვრის ავტოპორტრეტია თუ არა.

ხელოვნებათმცოდნეები ყოველთვის ცდილობენ ესა თუ ის მხატვარი გარკვეულ მიმდინარეობას მიაკუთვნონ… ელ გრეკოს ხან გვიანი რენესანს მიაკუთვნებენ, ხან მანიერიზმს, ხან ბიზანტიური და გოთიკური ხელოვნების დასასრულს… უცნაურია, მაგრამ ის მაინც არცერთს არ ეკუთვნის, ერთადერთი და განუმეორებელია თავისი სტილით, მანერით, წაგრძელებული სხეულებით, უცნაური სინათლის ციალით.

ის, როგორც გამორჩეული და განსაკუთრებული მხატვარი ესპანეთში ყალიბდება. მერე რა, რომ ვენეციაში უკვე მოხუცი ტიციანის მოსწავლეა და წარმატებულ იტალიელ მხატვრად გვევლინება. მაინც ტოლედო იქცევა მისი შემოქმედების მთავარ „მუზად“. აკი მუდმივად ხატავს ამ ქალაქს ისეთ სიუჟეტებშიც, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ ნახატის “ტექსტთან”.

ელ გრეკო, "ლაოკოონი"

სწორედ მისი შემოქმედების ესპანური პერიოდია ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი, როდესაც მის ნახატებში უცნაურად წაგრძელებული, ცეცხლის ალის მსგავსად ელასტიური სხეულები იბადებიან. ეს შეგნებული დეფორმაციაა ადამიანის სხეულის, რომელიც არ ჯდება იმ დროს გავრცელებული არცერთი მიმდინარეობის მანერაში. ეს მისი, გრეკოს საკუთარი ხელწერაა, მისი ხედვაა. ის ხომ იტალიური ვენეციური სკოლის შვილია. შესანიშნავად ფლობს ფერწერის ყველა ტექნიკას, პერსპექტივის კანონებს, იცნობს ადამიანის სხეულის ანატომიას. …მაგრამ სწორედ ეს ცოდნაა, რომ ეხმარება დაარღვიოს არსებული კანონები და შექმნას თავისი განსაკუთრებული ხედვა, რომელსაც მკაცრი საკუთარი ლოგიკა და სისტემა აქვს. ამის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია ჩემთვის „ლაოკოონი“.

ინკვიზიტორი ზუან ტავერამაგრამ ჩემთვის ყველაზე უცნაური, დამთრგუნველი და მეტად ფსიქოლოგიური არის კარდინალისა და ინკვიზიტორის ხუან ტავერას პორტრეტი. რატომ დამთრგუნველი? როდესაც ამ ნახატს შევხედე, მომეჩვენა ყოვლის შემმუსვრელი სიკვდილი მიყურებდა… დავინტერესდი ნახატის ისტორიით და… ელ გრეკოს ის მკვდარი ინკვიზიტორის სახიდან აღებული ნიღაბისგან შეუქმნია… თავად ინკვიზიტორი 1545 წელს გარდაცვლილა. პორტრეტი კი ტავერას ჰოსპიტალში კიდია ქ. ტოლედოში, რომლის მშენებლობაც თავად მეცენატისა და ინკვიზიტორის ხუან ტავერას ბრძანებით დაწყებულა და მისი სიკვდილის შემდეგ დასრულდა. სწორედ მისი სიკვდილიდან 63 წლის შემდეგ დაიწყო მხატვარმა ამ პორტრეტის ხატვა.

აქ ყველაფერი მარტოობისა და სიცივის ნიშნითაა დაღდასმული, თვით გაცრეცილი ვარდისფერი მანტიაც კი. მხოლოდ თვალები ავლენენ ოდნავი სიცოცხლის კვალს. სახე თითქმის მხატვრის სხვა პორტრეტების მსგავსია, წაგრძელებული, ჩაცვენილი და წაგრძელებული ყვრიმალები, მაღალი ცივი შუბლი, უსიცოცხლო გაყინული ტუჩები…

შესაძლოა, ეს უკვე ხანდაზმული მხატვრის შინაგანი განცდების ანარეკლიცაა…  პორტრეტი 1608-1614 წლებში იწერებოდა… ელ გრეკოც 1614 წელს გარდაიცვალა.

აქ დაასრულებ თხრობას… არ მსურს თქვენც მოიწყონოთ…