პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დასაბუთებები და „ვერდიქტი“ /პოპულარული სოფიზმები/

მსგავსი ტიპის დარწმუნების ფორმები და პროპაგანდა მიმართულია კონკრეტული ადამიანის, რომელიც რაიმე იდეას ან საქმეს ახორციელებს და არა იმ საქმის წინააღმდეგ რასაც ის აკეთებს. მაგალითად, ნაცისტები თვლიდნენ, რომ ფარდობითობის თეორია მცდარია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორი ებრაელი ალბერტ აინშტაინია. ისინი არასოდეს უღრმავდებოდნენ თავად თეორიის ავკარგიანობას, არ აინტერესებდათ არანაირი მონაცემი, რომელიც ან დაადასტურებდა ან უარყოფდა თავად თეორიას. ნაცისტებისათვის მთავარი იყო ავტორის ნაციონალობა. ეს ასოციაციური ეფექტის პრინციპულად განსხვავებული გამოყენებაა. მოცემულ შემთხვევაში ასოციაცია კონკრეტულ ადამიანსა და იდეას შორის ფორმირდება. ეს მცდარი დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე – თუ არ მომწონს ადამიანი, რომელიც ამ იდეას ემხრობა ან განახორციელებს, არანაირად არ უნდა მომწონდეს თავად იდეა და მის წინააღმდეგაც უნდა გამოვიდე.

რატომ? ეს ძალიან მარტივია – იდეასა და ჩემთვის არასასურველ ადამიანს შორის ჩემთვის უტყუარი კავშირი არსებობს. არ მომწონს ადამიანი? დარწმუნებული ვარ – მისი იდეა უსარგებლო იქნება. მსგავსი ტიპის ზემოქმედება ძალზე ხელსაყრელად გამოიყენება პოლიტიკაში. საკმარისია შექმნა უარყოფითი დამოკიდებულება პერსონისადმი და ის ავტომატურად გავრცელდება მის ნებისმიერ წამოწყებაზე. ეს ხერხი ძალიან კარგად მუშაობს პოლიტიკური ფიგურების მიმართ. ყველა საზოგადოებას მისთვის მიუღებელი რაიმე მოცემულობა გააჩნია, რაც თავისთავად ქმნის და აყალიბებს განწყობას. მე თუ შევქმენი აზრი, რომ ეს პოლიტიკოსი მაგალითად, ჰომოსექსუალია /სულაც არ აქვს მნიშვნელობა ეს ფაქტია თუ ფაქტოდი/, საზოგადოებრივი აზრი უკვე ჩამოყალიბებულია, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებაზე ძალიან ადვილად შეიძლება იმოქმედო სწორედ სექსუალური „არასრულყოფილებაზე“ ხაზგასმით, ვინაიდან საზოგადოებას არ გააჩნია არანაირი შემწყნარებლობა მსგავსი მოვლენისადმი. თუმც, აქაც უცნაური რამ ხდება, ქართული საზოგადოება შესაძლოა სრულიად ტოლერანტული აღმოჩნდეს ჰეტეროსექსუალური „აღვირახსნილობისადმი“ და ისიც მხოლოდ მამრობით სქესთან მიმართებაში.

მთელი წელი „იმედის“ არხზე კვირა დღეს გადიოდა გადაცემა „ვერდიქტი“, სადაც ერთ-ერთ მორიგ გადაცემაში ქართველი ნაფიცი მსაჯულები ქალს მხოლოდ იმიტომ აბრალებდნენ ჩავარდნილი მამამთილის მკვლელობას, რომ ერთ-ერთი მოწმე /ქალი/ „ამხელდა“ მსჯავრდებულს მისი ქმრის საყვარლობაში. …და განსაკუთრებით შეუწყნარებლები ამ შემთხვევაში მანდილოსანი ნაფიცი მსაჯულები იყვნენ. „მსაჯულები“ მსჯელობდნენ არა ფაქტებით, არამედ განწყობით და რომ არა ნოდარ ლადარია, ალბათ ქალს დამნაშავედაც სცნობდნენ. ამდენად, ხანდახან მეჩვენება, ცოტა ნაადრევი ხომ არაა იმ საზოგადოებაში, სადაც უამრავი „ტაბუები“ „კლიშეები“ და შესაბამისად ღირებულებათა სისტემის არასწორად აღქმაა გამეფებული, მსგავსი ტიპის ინსტიტუტის შემოღება.

ღმერთმა ქნას ვცდებოდე!