„მაგთი“, „ჯეოსელი“, ვიდეოთვალი და „დაბნეული მშობლები“…

რეკლამა იმისთვისაა, რომ კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი გაგვაცნოს. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავიგეთ, რომ „მაგთიმაც“ და „ჯეოსელმაც“ თავის აბონენტებს ახალი მომსახურება შესთავაზეს – მესამე თაობის ტექნოლოგიებზე მომუშავე ვიდეოთვალი. „მაგთის“ რეკლამა უფრო ადრე გამოჩნდა, მაგრამ ხშირი ინტენსივობით არ გვაწუხებს და ინტენსიურად არ იკავებს სარეკლამო ტიხრებს. სულ მალე მას „ჯეოსელიც“ წამოეწია და მანაც გვაუწყა – დავნერგე ეს მესამე თაობის ვიდეოთვალიო.

თუ შევადარებ ამ ორ რეკლამას, „მაგთის“ გაცილებით სჯობია. გახსოვთ მისი შინაარსი? ახალგაზრდა კაცი გზაზეა შემდგარი და ელოდება როდის დაბრუნდება მისი ცოლ-შვილი შინ… აი, ისინიც ბრუნდებიან და მამა მშვიდად აგრძელებს გზას… ძალიან მშრალად აღვწერე ეს ყველაფერი, უბრალოდ რეკლამა ძალიან კარგად არის შესრულებული და იდეაც კარგია, ამდენად ზედმეტად მასზე საუბარი არა მსურს…

აი, სულ მალე გამოჩნდა „ჯეოსელის“ მსგავსი პროდუქტიც… მეტად გამაღიზიანებელი იდეით… ნუთუ დედისათვის უთო ან ტელევიზორი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბავშვი? თან ერთი ციდა… ახლა ცოტა შემცირებული ვარიანტი გადის სარეკლამო ბადისას – ტელევიზორი და უთო ამოვარდა, თუმცა მაინც გაუგებარია მშობლების მსგავსი უყურადღებობა… და რომ არ იყოს ვიდეოთვალი, რა ეშველებოდა საწყალ პატარას უგულისყურო და არამზრუნველი მშობლების ხელში…

საინტერესო ისაა, რომ  ორივე რეკლამის გმირები ახალგაზრდა ოჯახი და მშობლები არიან, მაგრამ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებებით. „მაგთის“ გმირი მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა, რომელსაც უყვარს წესრიგი და ზრუნავს მისი ოჯახის სიმშვიდეზე, „ჯეოსელის“ კი – უგულისყურო მშობლები, რომელთაც ერთი სული აქვთ ქალაქს გაერიდონ პაპანაქებაში და ავიწყდებათ რომ…

ნებსით თუ უნებლიეთ, ეს რეკლამა არ განგაწყობს პროდუქტის მიმართ. რა გარანტია მაქვს, რომ „ჩემი ქსელი ჩემზე ზრუნავს“ :)…

მე ვერ გეტყვით, თავად ეს მომსახურება როგორი ხარისხისაა და თითოეული პროვაიდერი რამდენად სანდოა მისი ვიდეოთვალით, მაგრამ „მაგთის“ რეკლამა რომ გაცილებით სანდოა, ეს ფაქტია…

ბოლოს დავძენ – მე „ფუტკრის“ აბონენტი ვარ🙂