„ჩემი საყვარელი მხატვრები“ – დიეგო ველასკესი: ინოკენტი X-ის პორტრეტი

Inokenti X

დღეს დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესზე დავიწყებ ჩანაწერებს. მიხვდით ალბათ, ველასკესიც „ჩემი საყვარელი მხატვარია”

ორტეგას თუ დავუჯერებთ, იტალიაში მოგზაურობისას, როდესაც ველასკესმა ინოკენტი X-ის  პორტრეტი დახატა, პაპმა შესრულებული სამუშაოს საზღაურად მხატვარს ოქროს ჯაჭვი გაუგზავნა. ველასკესმა გაუგონარი „თავხედობა“ გამოიჩინა და გასამრჯელო პაპს უკან დაუბრუნა. ამით ველასკესმა პაპს დაანახა, რომ ის მხატვარი კი არა, მეფე ფილიპეს ერთგული წარგზავნილი იყო, რომელსაც თავისი ფუნჯით ემსახურებოდაო.  ამ ქცევით ველასკესმა დაამტკიცა, რომ ის თავს მხატვრად არ თვლიდაო – ამბობს გასეტი. არ ვეკამათები ორტეგას ამ დასკვნას, თვლიდა თუ არა თავს დიეგო ველასკესი მხატვრად. მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა – უფერული იქნებოდა ესპანური ფერწერა მის გარეშე.

ინოკენტი X-ის პორტრეტს მხატვრის სიცოცხლეში უკეთესი ბედი ერგო, ვინაიდან მას გაცილებით მეტი ადამიანი უცქერდა, ვიდრე ველასკესის სხვა ნაწარმოებებს. სამეფო კარის მხატვარი ძირითადად სასახლეში იფინებოდა და მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი მისი ნამუშევრები პუბლიკისათვის. ახლა უმეტესობა მის ნამუშევრებისა „პრადოშია“, რომელსაც სათავე მან და ფილიპე IV-მ დაუდეს.

Inokenti X-tvalebi

გადავწყვიტე ველასკესზე თხრობა პაპის პორტრეტით დამეწყო. იშვიათად მოიძებნება მსგავსი ფსიქოლოგიზმით სავსე ნამუშევარი. ველასკესი ნამდვილი ფსიქოლოგია, ხასიათების ფერმწერი, ოღონდ ცოტაოდენ განსხვავებული ვიდრე რემბრანდტი. ის თითქოს აშიშვლებს თავის ყველა გმირს, გამოაქვს გარეთ მათი ხასიათები და ამას მგონი სულაც არ აკეთებს შეგნებულად. ის ასე ხედავს. ველასკესი მართალია თავის თავთან, ვინაიდან ის წმინდად ფერწერის შესაძლებლობებს ეძიებს, პოულობს, მაქსიმალურად იყენებს მათ. მხატვარი შეგნებულად არ ეძებს ხასიათის თავისებურებებს

cverebi-inokenti

თავისი პორტრეტების გმირებისა. ფერწერული ხერხების ძიებისას ის იღებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და, რასაც „გაშიშვლებულ“ ხასიათებს ვეძახით.

subli-inokenti

“troppo vero!” (ზედმეტად მართალია) – მსგავსი რეაქცია ჰქონია პაპს საკუთარი პორტრეტის დანახვისას. ველასკესი არ ცდილობს შეალამაზოს რაიმე. ის არ იტყუება და აღწერს ყველაფერს.  არ ტოვებს უყურადღებოდ არცერთ დეტალს პორტრეტის გმირის სახეზე, არც ოფლის წვეთს, არც მეჩხერ წვერს. ველასკესს სრულიად არ სჭირდება შეალამაზოს რაიმე. ეს მისი მხატვრის ხედვა არაა – შელამაზება. ხატავს იმას, რასაც აღიქვამს.

Inokenti X-xeli

ველასკესს ფერის განსაკუთრებული შეგრძნება აქვს. პაპის პორტრეტში წითელი დომინირებს განსხვავებული ტონებით. ის თითქმის ყველა დეტალშია გარკვეული ინტენსივობით.

აქ გავჩერდები… უბრალოდ დატკბით პორტრეტის დეტალებით.