კვლავ ველასკესი – ინფანტა მარგარიტა (1658-1660)

margarita2ველასკესს პატარა ინფანტა მარგარიტას ექვსი პორტრეტები აქვს დახატული. თითქოს ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, მხატვარი ხომ სამეფო კარის შემოქმედი იყო… ხოლო მისი მოდელები და პერსონაჟები ისევ სამეფო კარიდან თუ იქნებოდნენ. 1660 წელს შექმნილი წითელ-ვერცხლისფერ კაბაში  გამოწყობილი პრინცესას პორტრეტი, ფერის ველასკესისეული შეგრძნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიმაჩნია. ეს პორტრეტი ორია. ერთი მადრიდში „პრადოშია“ დაცული, მეორე კი კიევში ბოგდან ხანენკოს სახელობის მუზეუმში.

თუ რუსი და საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ინფანტას კიევური ვერსია ორიგინალია, დასავლელი ექსპერტები მას ორიგინალად არ მიიჩნევენ. აკი, 1996 წელს გამოცემულ ველასკესის სრულ კრებულში, მან ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ზოგი მკვლევარი  მიიჩნევს, რომ კიეველი ინფანტა არაა ველასკესის ორიგინალური ქმნილება, და ის დედნის /„პრადოში“ დაცულის/ საუკეთესო ასლია, ოღონდ ველასკესისვე უცნობი მოწაფის მიერ შესრულებულიო. თუ ეს ასეა, უნდა ითქვას, რომ ეს საუკეთესო მიბაძვაა დიდი მხატვრისა.

“კიეველი ინფანტა”

როგორ მოხვდა მარგარიტა კიევში? საინტერესო ისტორიაა. ბოგდან ხანენკომ ის  1912 წელს გამართულ ვებერის ჰამბურგული კოლექციის აუქციონზე შეიძინა.  ამ დროისათვის ცნობილი იყო, რომ თავად ვებერმა ის კოლნაგისგან იყიდა 1892 წელს, ხოლო ამ უკანასკნელთან ის პრინც დონ სებასტიანის (პო, საფრანგეთი) კოლექციიდან მოხვდა.

როგორც აღვნიშნე, რუსი და საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეები  არის მოსაზრება, რომ კიევის ტილო ეტიუდია მცირე ზომის და შემდეგ ამ ვერსიიდან გადაწერა ის მხატვარმა. რათა პატარა ინფანტა არ დაღლილიყო, ჯერ მცირე ზომის ნახატი შექმნა /ტილო პატარა ზომისაა – 80/62,5 სმ/.  და შემდეგ აქცია ის იმ პორტრეტად, რომელიც პრადოშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ „კიეველი ინფანტა“ მხოლოდ წელამდეა გამოხატული. ალბათ, მხატვარს პატარა ფერმკრთალი გოგონას ხასიათის აღბეჭვდა და დანახვა სურდა, რათა შემდეგ ის დიდ გრანდიოზულ ტილოზე გადაეტანა. კიევური ვერსია, 1658-59 წლებით თარიღდება, ე.ი. უფრო ადრეა შესრულებული, ვიდრე მადრიდული. მე მსურს დავიჯერო რომ ის ველასკესისაა.

margarita3

“მადრიდელი ინფანტა”

და მაინც რატომ დახატა ის ველასკესმა ექვსჯერ? ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ამ ფერმკრთალ პატარა არსებას მეტად ტრაგიკული ბედი დაჰყვა.

ინფანტა მარგარიტა (უფრო სწორედ, მარგარიტა ტერეზა) 1651 წელს დაიბადა. პორტრეტზე ალბათ 8-9 წლისა თუ იქნება. ამბობენ მარგარიტა ძალიან ნელა იზრდებოდა და ყოველთვის ძალიან გამხდარი იყოო. ინფანტა ფილიპე IV ჰაბსბურგისა და დედოფალ მარიანას, რომელიც თავად ფილიპეს დისშვილი იყო, ერთ-ერთი შვილი გახლდათ. ალბათ, სწორედ სისხლის აღრევამ ჰქმნა ის, რომ  შემდეგ მას 6 შვილი დაეღუპა. უფრო მეტიც, ის 15 წლისა გაათხოვეს საკუთარ ბიძაზე, დედამისის ძმაზე, ლეოპოლდ I ჰაბსბურგზე. ეს 1666 წელს მოხდა.

უკვე აღვნიშნე, რომ მარგარიტა ტერეზა ველასკესს 6 პორტრეტზე ყავს გამოხატული, მაგრამ მე სწორედ ეს „წითლიანი“ პორტრეტი მაინტერესებს, ვინაიდან აქ  ჩანს ველასკესის, როგორ ფერმწერისა მთელი შესაძლებლობები.

ფერფლისფერი მარგალიტის ელვარებით, ვარდისფერი-რუხით, წითელი მარჯნისფერი აქცენტებით, შავითა და ნაზად მოელვარე ოქროსფერით შესრულებული ეს პორტრეტი ველასკესის პალიტრის მთელი სიმდიდრის თვალსაჩინო ნიმუშია. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს,  ველასკესი ბევრ ფერს არ მოიხმარს, მაგრამ მისი ყველა ფერი თუ ტონი იმდენად ჰაეროვანია, რომ გგონია, სურათი სუნთქავს. ველასკესის ტექნიკისათვის დამახასიათებელია –  ის არასოდეს შემოსაზღვრავს საგანს ერთი ფერის შტრიხით. მის ნახატს არ აქვს კონტური…  ფერები თითქოს ჰაერს ერწყმის და სხვა ფერში გადადის… ეს ველასკესის ტექნიკაა, მის მიერ დამკვიდრებული და განუმეორებელი.

ინფანტას მარგარიტა ჰქვია… მარგარიტა ლათინურად მარგალიტს ნიშნავს. ალბათ, ამადაც არის ამდენი მარგალიტის ელვარება ველასკესისეულ პორტრეტში.

jemchujina

დალი, “მარგალიტი”

ამ პატარა პრინცესას პორტრეტს XX საუკუნეში ჯერ პიკასო იმეორებს თავის დიდ ციკლში „მენინები“. ხოლო დალი, სწორედაც ამ პორტრეტს გადახატავს, სახის მაგიერ დიდ მარგალიტს გამოსახავს და სურათსაც ასე უწოდებს: „მარგალიტი“.

„კიეველი ინფანტაც“ ძალიან ლამაზია, არანაკლები „მადრიდელზე“… და რა მნიშვნელობა აქვს ისე, ტირაჟის, იმიტაციის, კიტჩის საუკუნეში, ნამდვილად ველასკესისაა ის თუ არა? მგონი არანაირი…