ამაგდო რა დუტამ „ფინთი გოიმივით“, 5 თეთრიო და….

ოჰ, ეს რეკლამა, რეკლამა… ბოლო დროს, ალბათ, არცერთ რეკლამას მსგავსად არ უმოქმედია ჩემზე. არა, მომეწონაო არ ვამბობ…. დამაჯერა, დიახ დამაჯერა, რომ 5 თეთრად შემიძლია საუბარი მობილურით. ჩემს თვალწინ თითის ერთი მიკარებით ქრებოდა ყველა არასასურველი ტარიფი და მყარად გადავწყვიტე, ხვალ ჩემს ნახევრად მიმკვდარებულ ლაი-ლაის ნომერს „რეანიმაციას“ გავუკეთებ მეთქი… მაგრამ სადღაც გულში „პაწა“ ეჭვი ღვიოდა, ვითომ ყველგან დარეკვისას მექნება ასეთი ბედნიერება მეთქი? ჰოდა, ინტერესგაღვივებულმა და  მცირედად დაეჭვებულმა გულისფანცქალით გავეშურე 0-ისა და 1-ის უ-საზღვრებო სამყაროში. აბა ტელევიზიიდან ხომ ვერაფერს გაიგებ, და მივხვდი, ავვარდი „ფინთი გოიმივით“. ჩემი მოლოდინიც ისევე გასკდა საპნის ბუშტივით თითის შეხებისას, როგორც ის უსიამო ტარიფები რეკლამაში…

თან სულ ცხელ-ცხელი ინფოა: „15.04.2010, 5 თეთრი პირველივე წუთიდან!“

და აი რასაც ვეძიებდი: „ესაუბრეთ ჯეოსელისა და ლაი-ლაის ყველა აბონენტს მხოლოდ 5 თეთრად პირველივე წუთიდან!“

მხოლოდ ჯეოსელი და ლაი-ლაიო… მაინც გული არ გავიტეხე და დავიწყე დათვლა რამდენი მეგობარი მყავს „ჯეოსელ და ლაი-ლაი“ და მეტად ცოტა დავთვალე…. თან ისეთები, რომელთაც ყოველდღე სულაც არ ვესაუბრები. მაგრამ სად ხარ, სიურპრიზი კიდევ წინ მელოდა:  „5 თეთრიანი ტარიფით სარგებლობის დღიური საფასური შეადგენს 20 თეთრს …“. და 30 დღეზე გამომივიდა უკვე სააბონენტო 6 ლარი და ცალმხრივი რომ იყოს ტელეფონი… კიდევ კარგი აქ მაინც დამინდეს ცოტა და: „თანხის ჩატვირთვისთანავე ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ მიმდინარე დღის 20 თეთრი. მაგალითად, თუ თქვენ თანხა ჩატვირთეთ 23:00 საათზე, თქვენ ანგარიშის შევსებისთანავე ჩამოგეჭრებათ 20 თეთრი და ხოლო მომდევნო დღის 08:00 საათზე ჩამოგეჭრებათ ამ დღის 20 თეთრი“. ეს უკვე ვითომ პატარა შეღავათიც😉

მაგრამ ღირს კი 5 თეთრიანი პაკეტის გააქტიურება? საფიქრალი აი ეს არის. თუმცა, რატომაც არა🙂 თითქმის ყველა ოპერატორი 5 თეთრად მხოლოდ შიდა ქსელში გალაპარაკებს. ამიტომ, ყველაზე მარტივი გამოსავალია – თუ გსურს 5 თეთრად საუბარი – გქონდეს ყველა ოპერატორის სიმ-ბარათი და ილაქლაქე 5 თეთრად რამდენიც გინდა, ვინ გიშლის ხელს? არც არავინ🙂 ეს, რა თქმა უნდა, უკბილო ხუმრობაა, ცოტაოდენი ირონიით შეზავებული…  მაგრამ…

ჰო, კიდევ რაც მთავარია, ყოველთვის არ დაუჯეროთ რეკლამას, ჩემნაირად რომ არ დაგემართოთ…

P.S. ხვალ მაგთისა და ბალის სატარიფო გეგმებს გადავხედავ🙂 აბა როგორ ვისაუბროთ 10 და 5 თეთრად „ყველასთან“…

——–

კიდევ ერთი P.S.🙂 თურმე ნუ იტყვით და სერვისის გამორთვაც შემიძლია, ეს ჩემი წყაროებიდან შევიტყვე🙂 და ამაზე არანაირი ინფორმაცია არა დევს საიტზე: http://www.geocell.ge/ge/about/news/111/

მე არ მომეწონა ის, თუ როგორ მომაწოდეს ინფორმაცია, თორემ თავად სერვისს არაფერს ვერჩი🙂