ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…

ამ ბოლო ხანებში სატელევიზიო თუ ჯერ კიდევ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენილ ქართულ რეკლამებში ძალუმად იგრძნობა „ლოგინის სურნელი“…  ჰო, სწორედ ლოგინის და არა ეროტიზმის ან სიყვარულის ან სექსუალობის… ერთში „მტყვნელად“ /მომიტევეთ, ზუსტად შეესაბამება/ არც მეტი, არც ნაკლები „თბილისის მერია“ გვევლინება, ხოლო მეორეში სახმარ ობიექტად „მანქანა“… რა მნიშვნელობაა ეს „ნახმარი“ ობიექტი კაცის ნახმარი იქნება თუ ქალის? ორივეგან უხეშად „ნახმარია“. აი, ძალიან არ მიყვარს ბაბუა ფროიდის, ძია იუნგის და ბიძია ფრომის ან რაიხის მოშველიება ხოლმე  რაიმეს ანალიზისას, და მეცინება, სულ სექსუალობის, ლიბიდოს, სუბლიმაციის ან ქვეცნობიერში „რაღაცეების“ ძიება რომ ხდება ხოლმე გარკვეულ ტექსტებში… ჰოდა, ახლა ვინმემ რომ დამაბრალოს, „ინტელექტუალურად მასტურბირებო“, არ გავბრაზდები… მინდა თუ არ მინდა ჩვენს ფარულ სურვილებს უნდა შევეხო და რა ვქნა?აი, თბილისის მაგარ „კაცურ საწყისში“ 37 მანეთიანი „ნოსტალჯის“ ნოტებსა ვხედავ. უფრო სწორედ „მითების“ ნოსტალგიას, ქერათმიანი ლამაზმანები რომ ასე ძალუმად განიცდიდნენ და უყვარდათ აღმოსავლეთის სურნელით გაჟღენთილი ქართველი კაცები… სულაც არ უარვყოფ, უყვარდათ ალბათ… და ქართველი კაცის „პატივმოყვარეობასაც“ ელამუნებოდა, რომ განსაკუთრებული და გამორჩეულია მამრთა შორის… ის კი ავიწყდებოდათ, მოფერებით გათანგულებს, რომ შესაძლოა სხვა არჩევანის შემთხვევაში სულ სხვაგან დაეწყოთ „აღმოსავლური სურნელის“ ძიება ქერათმიან ლამაზმანებს. ჰო, რა ქერათმიანს გადავეკიდე ერთი… მეტად საინტერესო დაკვირვებაა, აი ვასილისა პრეკრასნაია არსად არაა ქერათმიანი, ყველგან „გოლუბაგლაზაიაა“, ხოლო ჩვენი ზღაპრის მეფის ასული შავთვალა და ოქროსფერი ნაწნავებით… აბა მიდი და გაიგე… რას ვეძიებთ და სად, მზეს თუ უღრუბლო ცას…

თემას ავცდი… ლოგინს ვუბრუნდები… სწორედაც… აბა ამის იქით ჩვენი წარმოსახვა არ მიდის და… რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ქვეშაგებელს სულ „პწკიალი“ უნდა იყოს და შეულახავი და ბალიშ-საბანს „ბუნტყა“ არ უნდა გასდიოდეს… აბა იბრდღვნებოდეს როგორც კლიპში, ნახეთ თუ გაჩნდება ეს ნოსტალგია… მაგრამ, ჰოო, აქ გავჩერდი… თავს უფლებას ვერ მივცემ ვინმეს საძინებელში შევიხედო. ეს ყველას პირადი საქმეა, ინტიმია, ინტიმი… ნურც ჩემსაში დაიწყებენ ჭვრეტას და თითის მოშვერას, უი იცი ყველაფერი დალაგებული ქონდაო ან ისეთი არეული იყო, იქ თავის პოვნა არ უჭირდაო?

მაგრამ, აი ეს პირადული ვნება რომ საზოგადო ხდება და ვითომ კმაყოფილი ქალის ბედნიერი „კვნესები“, სინამდვილეში დაუკმაყოფილებელი საზოგადოების ერთგვარი ამოძახილია, მართლა მტკივა. უსაზღვრო „უკომლექსობა“ ისეთივე კომპლექსია, როგორიც ზღვარგადასული „კდემამოსილება“. ეს უფრო ფასეულობათა სრული ნიველირებაა საზოგადოებაში, რომელსაც ვეღარ გაურჩევია სად გაავლოს ზღვარი. არც ისაა დასამალი, რომ სწორედ სქესის ანუ sex-ის მომენტებზე ხაზგასმით საუბარი ყველაზე მეტად ესალბუნება ხოლმე ჩვენს დაუკმაყოფილებელ ქვეცნობიერ სურვილებს და ერთგვარ ეპატაჟსაც /ეპატაჟი – სკანდალური გამოხტომა; ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ ნორმებს და წესებს. – ეს მათთვის ვისაც არ ესმის, შენიშვნა მომცეს და მხოლოდ ამიტომ ვამატებ/ შეიცავს. ჰოდა, მეტი არცაა საჭირო. საკმარისია საზოგადოება ალაპარაკდეს, რომ საქმეც გაკეთებულია. შევეხეთ დაფარულს, გამოვავლინეთ ჩვენი უსაზღვრო უკომპლექსობა, გული მოვიოხეთ, გემრიელად „მოვტყანით“, დავაკმაყოფილეთ თბილისის სტუმრები და მეტი რა გვინდა. საქმეც გაკეთებულია, ხელებიც დაგვიბანია.

აი, ერთი ჩემი ტექსტით შეურაცხყოფილი ქართველი მამრი რას მწერს ერთ-ერთ პოპულარულ ფორუმზე: „რითი ამტკიცებ რო არ ეუასებოდათ ქართველი კაცები და დღესაც არ ევასებათ ? ეგ ურბალოდ სენია აქ აბაზიანი ქალების შერქმის და ეგეთი სულელობები ……იქნებ ვინმემ თქვას რო სლავი და რუსი ქალები მახინჯები არიან ….და არცერთ სპეტაკს მამაკაცს თვალიც კი არ წაუვა მათკენ სენია აქ ასეთი ყველა ერთ ხმაში იჯმევინება აბა სხვა რა დაგვრჩენია საქმით ვეღარაფერს ვეღარ ვამტკიცებთ და ვილანძღებით დაბოღმილი დედაკაცებივით…..“. სტილი სრულად დაცულია. ვერ გავიგე გულწრფელად, ვინა ქმნის რუსი ქერათმიანებისგან „აბაზიან ქალებს“, ქართველი „დაბოღმილი მდედრები“ თუ საკუთარ განუხორციელებელ წარმოსახვებში დაკარგული ქართველი მამრები.

მართლაც საინტერესოა რაზეა გათვლილი ეს რეკლამა ან ვისზე? პოსტსაბჭოთა სივრცეზე? მხოლოდ ქალებზე? რა ვქნათ ახლა, ნეტა გერმანელ ან ფრანგ ქალებში ვინაა მამაკაცობის ეტალონი? უკვე დამტკიცებულია ქართველი მამრის ცნობიერებაში, რომ რუსის თუ უკრაინელი ლამაზმანის ოცნების უფლისწულია, თუ რეალში არა, ლოგინში მაინც… ჰოდა, ისევ ჩაკეტილ სივრცეში ვტრიალებთ, რომელსაც „სუსურუკუ“ ერქვა. იქნებ გამოვიდეთ მითების ტყვეობიდან და თვალსაწიერი გავაფართოვოთ?

ოჰ, წარმომიდგენია, რა თვითკმაყოფილებით იფშვნეტენ ხელებს კლიპის შემქმნელები, რა მუუაგარი რამ შევქმენით, ვიღაცას სული ავუფორიაქეთო. არადა, ეს მხოლოდ უგემოვნობაა და ფანტაზიის არქონა. მეტად ადვილია შემოაგდო თემა, რომელზედაც პირზე ხელის აფარებით გვიყვარს საუბარი, ვწითლდებით, ვჩუმჩუმელობთ, მაგრამ ხმამაღლა გვეშინია ვაღიაროთ, რომ მოფერებაც გვსურს, ბალიშ-საბნის დაბრდღვნაც და ხმამაღალი კვნესაც. მავანისთვის ეს მეტად პირადულია და სულაც არ უნდა ის საჯაროდ აქციოს, მავანისათვის კი მიუღებელი. სულ ერთია ვინ როგორ აღიქვამს ამ თემას, ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს ერთგვარად ტაბუირებული თემა კარგი საკბილოა „კრიატივშიკებისათვის“ და ჰგონიათ, მავანის გაღიზიანება მათ „შემოქმედებითობას“ მართლაც რამეს ჰმატებს. არადა, რეალურად პრობლემა ერთი მედლის ორი მხარეა – დაუკმაყოფილებელი საზოგადოება და მასზე მოთამაშე, თავად ამ საზოგადოების ჭეშმარიტი წევრი „კრეატივშიკები“. სულ ესაა, ამის ანიც და ჰოეც.

გაბღენძილ პენისიანი, ჭრელ ჰალსტუხიანი „ტბილისის მერია“ იქით იყოს და არანაკლებ საინტერესოა „ნახმარობა“ ქართულ სექ-ლექსიკონში. აი გულზე ხელი დაიდეთ და ისეთ თქვით, რამდენ ქართველ მამაკაცს არ გითქვამთ, ნუ გაგიფიქრებიათ მაინც, გრძელფეხება, გათქვირულ ძუძუებიან კაბაშემოტმასნილ „ციცოზე“ – ვაჰ რა სახმარიაო… კაი ბატონო, სახმარი თუ არა, რას „გაჟიმავდა“ ან „მოტყნავდაო“ ხომ გაგიფიქრებიათ? Make Love ყველას ავიწყდება. ქართული ლექსიკონი სექს-ლექსიკონი მეტად ფაქიზად გამოხატავს მამრის არა მხოლოდ სექსისადმი, არამედ ქალისადმი დამოკიდებულებას. ამდენად, რატომ გიკვირთ, როდესაც რეკლამაშიც ამაყად შემოდის „ნახმარობა-უხმარობის“ ცნებები? რატომ „უხმარი“ ავტომობილი და არა ახალი? აი, ეს არ მესმის. უკვე გაცვეთილ ნივთზე შეიძლება მართლაც გამოიყენო სიტყვა „ნახმარი ნივთი“, მაგრამ ახალზე რატომ „უხმარი“? იქნებ იმიტომ, რომ ე.წ. „უხმარი“, უბიწო ქალი, მამაკაცის პატივმოყვარეობას ესალბუნება. მოდი და ნუ ეძიებ ახლა ამ რეკლამაში „ქვეცნიობიერ“ ვნებებს ქართველი მამრისა. ყველა ზემოთქმული აქაც არ კარგავს აქტუალობას… „ვუღიტინებთ“ საზოგადოებას იქ, სადაც ყველაზე მეტად მგრძნობიარეა, ყველაზე მეტად დაუცველია და დაუკმაყოფილებელი…

ჰოდა, რეზონანსიც გვაქვს. მაგრამ ეს რეზონანსი კი განსაზღვრავს რაიმენაირად რეკლამის ხარისხს? რეკლამის ცნობადობა არ ნიშნავს, რომ რეკლამა მართლა მუშაობს როგორც რეკლამა და არა როგორც საზოგადოების კომპლექსებზე მოქმედი გამღიზიანებელი.

ვითომდა „გენდერული თანასწორობის“ დასაბალანსებლად, „ნახმარ-უხმარის“ „კრეატივშიკებმა“ რეკლამის ფემინური ვერსიაც შემოგვთავაზეს. და ჰოი საოცრებავ… ერთიანად აღმოხდათ „შეურაცხყოფილ“ ქართველ ქალებს აღფრთოვანების შეძახილები – „რა მაგარიაო“, „აი მასე გინდათო“, ხომ ყველაფერი ნათქვამიაო, ჩვენ თუ „ნახმარები“ ვართ, თქვენ… ნეტში გავრცელებულ ვერსიაში, კლიპის ბოლოს ტექსტია – „შენ რა ყველაფერი უნდა გივარდებოდეს“, შემდეგ გონი ეყოთ და ეს ტექსტი ამოიღეს სატელევიზიოში, ზედმეტად უხამსი იყო…

ჰოდა, არ გამინაწყენდეთ აღფრთოვანებულო ქალბატენებო, საქალბატონეებო და უბრალოდ გოგონებო… აი, არანაკლებ შეურაცხმყოფელია დაუკმაყოფილებელი, გაღიზიანებული, განუხორციელებელი, დაუცველი, აგრესიული ქალის პორტრეტი „ნახმარზე“… ურთიერთობას ყოველთვის ორი აგებს, ცალმხრივი არაფერია სასურველი… ჰოდა, თუ ქალს არ ძალუძს სრულჰყოს კაცი, თავდაჯერებულობა მიანიჭოს მას, გვერდით კაცად აღიქვას, მაშინ რატომ ირჩევთ? იქნებ პრობლემა ჩვენშიაც არის? “+/-“-ის გარეშე წრედი არასოდეს იკვრება. ჰოდა, თუ შენს კაცს „უვარდება“, ეს შენი ბრალიცაა…

აი, წრედიც შეიკრა მგონი. სანამ საზოგადოებაში სქესთა ეს დაუნდობელი ქიშპი და ბრძოლა იქნება ვინ არის დამნაშავე, ვინ უფრო მაგარი, უხმარი თუ ნახმარი, სანამ სხვის საძინებელში ჭუჭრუტანიდან ყურებას არ გადავეჩვევით, ყოველთვის ექნება ე.წ. კრეატივის „მამებს“ საკბილო ჩვენს გაუცნობიერებელ თუ ზოგჯერ გაცნობიერებულ კომპლექსებში. რაც ალხანა ის ჩალხანაო…

კიდევ კარგი არ დამავიწყდა… აი, პლაგიატს რომ ვერ გადავეჩვიეთ, შეიძლება უბრალოდ გავატაროთ და „დავიკიდოთ“, მერე რაო… ამ ჩვენსას „განსაკუთრებული სანელებლები აქვსო“, ჩვენი „გაპწკრიალებული“ ლოგინიო…

ამიტომაც, დიდად ნუ გავბრაზდებით, როდესაც რეალური „კრეატივის“ უკან მეორადი ან უკვე კარგად „ნახმარი“ იდეა გვრჩება ხელში…

——-