არ მიყვარს გაგრძელებები… ხელოვნებაში დაუსრულებელი სჯობს….

გემოვნებაზე დავა ერთგვარი უგემოვნობაა. რაღაც მოგწონს ან გიყვარს, რაღაც კი გეზარება. შენს აზრი თავს მოახვიო ვინმეს, უკიჟინო რატომ არ მოგწონსო, პატარა თავხედობა ერთგვარი ამბიციებით გაბერილი პერსონისა. ხშირად შეფასების ჩვენეული პრიზმა მოვლენებს ისე გარდატეხავს როგორც ჩვენ გვინდა და განზე გვრჩება სხვა… ამიტომ, რაზეც ვამბობ არ მომწონს მეთქი, სულაც არ მინდა სხვასაც არ მოსწონდეს… და ის რაც სხვას სიამოვნებს, სრულიადაც არაა აუცილებელი მეც მხიბლავდეს.

რა საჭიროა ამხელა შესავალი არა? მაგრამ უნდა დავწერო – აი, საშინლად არ მომწონს ეს ე.წ. რიმეიქები და ფილმის „გაგრძელებები“ …და თავი დავიზღვიე :)…

„გაგრძელებები“ უფრო არ მიყვარს. ის ჩემს წარმოსახვას სპობს, ზღუდავს. მე ის მომწონს და მხიბლავს, თუ როგორ დავასრულებ უკვე ჩემად ქცეულ ისტორიას და არა ის, სხვა რას შემომთავაზებს. 

იყო ერთი ძალზე საინტერესო პოლონელი ესთეტიკოსი ნიკოლაი ჰარტმანი. მან ლიტერატურული ტექსტების განხილვისას შემოიტანა ასეთი ცნება – „მხატვრული ნაწარმოების თავისუფალი სივრცე“. ეს „თავისუფალი სივრცე“  ჰარტმანმა მართალია ლიტერატურას მიუსადაგა, მაგრამ ნებისმიერ “მხატვრული ტექსტის” კითხვისას შეგვიძლია გამოვიყენოთ  (მხატვრულ ტექსტში ამ შემთხვევაში მოვიაზრებ ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებს და არა მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტებს – შენ.). ეს „თავისუფალი სივრცე“ ჩემი სივრცეა, ამ ტექსტის მკითხველის და აღმქმნელის. სწორედ ეს სივრცე მაძლევს საშუალებას ითამაშოს ჩემმა ფანტაზიამ, წარმოვიდგინო მეტი, ჩემებურად შევავსო ის და „შევქმნა“ უკვე დასრულებული ფილმის ჩემეული „დასასრული“.

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ ის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ… დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ნამდვილად იცით როგორია ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძე? აი როგორ აღწერს მას მწერალი: „თავადი ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი — უკაცრავად არ ვიყო ამ სიტყვაზედ — როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები – ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის” ღირსეული სამკაული. ის „მონაბერი სული“ არსად არა სჩანდა, თითქო ჩამკვდარაო, ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი; ის „მონაბერი სული“ ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა თავადმა?“.

აღწერა მეტად „თვალსაჩინოა“. ჩვენი წარმოსახვა აქტიურად მუშაობს და თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ლუარსაბი ზუსტად ისეთია როგორიც მას წარმოუდგენია და არა სხვაგვარი. „ნასუქი კურატი“ ხომ მაინც ვიცით როგორია… და როდესაც „კაცია ადამიანი“ ან სცენაზე იდგმება ან ფილმად აქცევს ვინმე, შესაძლებელია ერთგვარი შინაგანი კონფლიქტი მოგვივიდეს საკუთარ წარმოსახვასთან და ვთქვათ: „ეს რა საშინელი ლუარსაბია“, ან პირიქით – „ვაა, რა კარგი სახეაო“. პირველ შემთხვევაში ჩვენს მიერ წარმოსახვაში შექმნილი გმირი და განსხეულებული ერთმანეთს ვერ დავამსგავსეთ, მეორე შემთხვევაში კი ერთგვარი თანხმობა დგება და ფანტაზია აღარ აპროტესტებს დანახულს.

საკმაოდ დიდი გადახვევა იყო, მაგრამ ვთვლი – ეს „თავისუფალი სივრცე“ კინოსაც აქვს, როდესაც ის სრულდება და გრჩება სურვილი შენ თავად შენებურად დაასრულო ის.

ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საინფორმაციოში ყური მოვკარი, „გარიგების“ გაგრძელებს იღებს ზაზა კოლელიშვილიო. უცნაურია, სულაც არ მომინდა მისი ნახვა და სიუჟეტისთვის არც მისმენია. ალბათ, ერთგვარ „ანონს“ შემოგვთავაზებდნენ მომავალი ფილმის შინაარსისას. გაგრძელებით ჩემთვის „გარიგება“ „მოკვდა“. ის ემოცია რაც ამ ფილმის ყურებისას მიჩნდება უკვე ფინალში, ის ცრემლები რომლითაც ვტირი ხოლმე მთავარი გმირის ტრაგედიაზე, ჩემი თანაგრძნობა უკვე ყალბი იქნება.

მირჩევნია ნებისმიერი ფილმის რეჟისორმა მე მომანდოს „დასასრულებლად“ ფილმი და თავად „შევავსო“ ის როგორც მსურს. პირველი უარყოფითი დამოკიდებულება ე.წ. გაგრძელებებისადმი „ქალი და მამაკაცის“ გაგრძელებამ გამიჩინა. ალბათ, ჩემი „დასასრული“ და რეჟისორის ერთმანეთს არ დაემთხვა, ალბათ…

ამიტომ, ე.წ. „გაგრძელება“ ზედმეტად სრულყოფილი უნდა იყოს, თან წარმატებული ფილმისათვის, რომ ის ისევე შეიყვაროს მაყურებელმა, როგორც დასაწყისი.

ერთს ვისურვებ მხოლოდ – რეჟისორებო დაგვიტოვეთ „თავისუფალი სივრცე“, რომ ჩვენც „ვითამაშოთ“… თორემ ისე მეტად უინტერესო ხდება ნებისმიერი ნაწარმოები, თუ ყველაფერი უკვე წინასწარ განსაზღვრულია, როგორც ლათინოამერიკულ სერიალში.