“კეთილი ადამიანები”?

ამ ბოლო დროს შაბათობით სამ საათიანი კურიერის შემდეგ ტელევიზორს ვრთავ, ძველ ქართულ ფილმებს უჩვენებენ. დღესაც იყო ერთი ასეთი ფილმი: „კეთილი ადამიანები“. ყველას გაქვთ ალბათ ნანახი ის. თუ არა, ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიხსენოთ ან იხილოთ. ფილმის პირველი ჩვენება 1961 წლის 15 ნოემბერს შემდგარა საკავშირო ეკრანზე, თითქმის 50 წლის წინ. აქ არ მინდა არც მის მხატვრულ ღირებულებაზე ვისაუბრო, არც მსახიობთა თამაშზე ან რეჟისორულ ნამუშევარზე. უბრალოდ, მხოლოდ ემოციურ განასერში მინდა ეს ყველაფერი განვიხილო.

კინოცენტრის საიტზე რამდენიმე მშრალი ფრაზაა, რომელიც  ფილმის შინაარს აღწერს. აი ეს აღწერაც: „მეორე მსოფლიო ომში მამის დაღუპვის შემდეგ გიგა ბეთანელს ახლობელთაგან აღარავინ დარჩება და თავადაც ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ფრონტის ნაცვლად, დონბასის სამხედრო დანიშნულების ქარხანაში მოხვდება. ფრონტზე გაგზავნილი წერილების პასუხებს რომ ვერ მიიღებს, ნანა გიგას დაღუპულად ჩათვლის. წლების შემდეგ გიგა სამშობლოში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაოდ ჩამოვა. იგი ახლადშეძენილი მეგობრის, თამაზის ოჯახში სტუმრობისას ნანას შეხვდება, რომელიც თამაზის მეუღლე გამხდარა. შეხვედრას ორივე მწვავედ განიცდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ, გიგა გადაწყვეტს, რომ მეგობრის და საყვარელი ქალის ცხოვრების დანგრევის უფლება არ აქვს“.

ამ მშრალი ტექსტის იქით ერთი მეტად ბანალური და  მთელი თავისი „ტრაგიზმით“ მეტად მარტივი სიყვარულის ისტორია იმალება. ალბათ გახსოვთ, მხატვრული ტექსტის თავისუფალ სივრცეზე ვსაუბრობდი ერთ-ერთ წინა პოსტში. და უცებ წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა მთელ ამ „ისტორიაში“, რომ ყველაფერი ტყუილზე არ აგებულიყო? უბრალოდ, ბავშვური ტყუილიდან იწყება ყველაფერი… გიგას სურს „გმირი“ გამოჩნდეს საყვარელი გოგონას თვალში და ცრუობს, რომ ომობს. გოგოც სიცრუის მსხვერპლი ხდება და უკან დაბრუნებული წერილები მისთვის მხოლოდ „სიკვდილის“ მაუწყებელია.

ეს ტყუილი არაფერია… აი, მერე რატომ რთულდება ასე ურთიერთობა? მართლა არ მესმის, რატომ უნდა ეცრუა ნანას ქმრისთვის, რომ ის არ იცნობდა გიგას? განა ყველაფერი აქედან არ დაიწყო? და რომ ეთქვა იცნობდა გიგას და ბავშვობაში, ოდესღაც უყვარდა კიდეც, ნუთუ ასეთი დიდი ცოდვა იქნებოდა?

ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო და სიმართლეც ირკვევა… და თუ ტყუილი აპატიეს, ვითომ ქმარი ნანას სიმართლეს არ აპატიებდა? რა თქმა უნდა, აპატიებდა… მაგრამ, აი თავი დავიჭირე უზუსტობაში, განა რა იყო საპატიებელი? ახლა უბრალოდ, ჩემით შევავსე „თავისუფალი სივრცე“, მეტი არაფერი.

ერთი არ მესმის, რატომ არ ქონდა უფლება ნანას ჰყოლოდა ბავშვობაში შეყვარებული და ჰქონოდა თვისი ცხოვრება? არა, ფილმში ამაზე არაა საუბარი, მაგრამ როდესაც ფილმის გმირი ამას ერთგვარ ცოდვად აღიქვამს, იმდენად დიდ „ცოდვად“ რომ ურჩევნია იცრუოს, უკვე მეტად ცუდია. გულწრფელი სიყვარული უნდა დამალო, რატომ? ნანა მიდის მისი ბავშვობის „სიყვარულთან“ და სთხოვს, დღეს ოჯახში არ ესტუმროს, ვინაიდან ეს მისი ოჯახია. ეს სცენა ჩემთვის გამაოგნებელია –  რად უნდა მას ისეთი არამყარი ოჯახი, რომელსაც გიგას ერთი სტუმრობა დაანგრევს? თუ მას არა სჯერა საკუთარი თავის და არც საკუთარი გრძნობების ქმრისადმი და ასე ეშინია, განა შეიძლება ეს ურთიერთობა თუგინდ მომავალში მყარი იყოს? საბოლოოდ მაინც „ოჯახი“ იმარჯვებს ერთი ადამიანის განცდაზე, რომელიც შესაძლოა მცდარიც კია, მხოლოდ ბავშვური გულუბრყვილობის ანარეკლია და მეტი არაფერი…

ფილმის მოკლე აღწერაში ასეთი ფრაზაა: „საკუთარ თავთან ჭიდილის შემდეგ, გიგა გადაწყვეტს, რომ მეგობრის და საყვარელი ქალის ცხოვრების დანგრევის უფლება არ აქვს“ – და თუ მას ეს შეეძლო და თავად თქვა უარი, ისევ იქ მივდივართ, ნანას ტყუილ სიყვარულზე ქმრისადმი. როგორ შესძლებდა გიგა იმის დანგრევას, რაც მის ძალებს აღემატებოდა. თუ შესძლებდა, ე.ი. ამის შესაბამისი ნიადაგიც იქნებოდა.

ერთი სიტყვით, ჩემთვის ეს ყველაფერი ღირებულებათა არევაა და ცრუ ფასეულობები. არა, განა იმიტომ რომ ოჯახია ცრუ ფასეულობა, ღმერთმა დამიფაროს ასე ვიფიქრო, არა…

ფილმში ფრაზაა – „რა მინდა აქ, ვინც რა უდნა ჩემზე ის თქვას, ის ფიქრობს ჩემზე“ და ქალი მიდის ქარხანაში, გიგა დაინახავს და მას უკან გაეკიდება. შემდეგ უცებ ფხიზლდება და რას ვაკეთებო… ქალი ქმარს უბრუნდება.

უბრალოდ, მთელი ამ შინაარსში დღეს მეტად ცრუ მომეჩვენა ეს განცდები… ყველაფერი რაღაც ყალბია და არადამაჯერებელი.  აი, საბოლოოდ მაინც ვერ ვხდები რა იმარჯვებს? მეგობრობა? ოჯახი არ ინგრევა, და თუ ამ ოჯახს სიყვარული ედო საფუძვლად, განა შეიძლება დანგრეულიყო? გიგა ხომ საკუთარი „მეს“ ნიველირების ხარჯზე ახერხებს ამას – ის არაფერს „აშავებს“. საბოლოოდ ყველა ღირსეულად იქცევა, პატივს სცემს მეგობრობას, საზოგადოებას, ოჯახის „სიმყარეს“. …და სადღაც დაკარგულია ადამიანი თავისი ტკივილით და სიყვარულით…

მაგრამ იქნებ ყველაფრის თავი სიცრუეა? ის პატარა უცოდველი ტყუილი პატარა ბიჭს თავის გმირად წარმოდგენის უფლება რომ მისცა? და ეს ყველაფერი უკვე მისი საზღაურია? იქნებ… თუმც, ეს მხოლოდ ჩემი განცდაა და მას თავს არავის ვახვევ.

უცნაურია დღევანდელობასთანაც აღმოვაჩინე კავშირები.  მეჩვენება, ჩვენი საზოგადოება დიდად წინ არ წასულა ამ 50 წლის განმავლობაში. საკუთარი ცხოვრების ცოტა გვეშინია და სხვისაში გვიყვარს ცხვირის ჩაყოფა. ან უფრო სწორად, ეს ცხოვრება უინტერესოა, რუტინული და უემოციო. ამიტომაც საფარად ხან წეს-ჩვეულებებს, მყარ ღირებულებებსა და საზოგადოების ზნე-ჩვეულებებს ვიშველიებთ, რომ საკუთარი უსუსურობა დავმალოთ.

მეც შორს არ ვარ ამ საზოგადოებისგან, მეც მისი განუყოფელი ნაწილი ვარ…