რეკლამა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს…

კვალავ განვაახლე ჩემი ბლოგი და მსურს მთელი ციკლი შემოგთავაზოთ სტატიებისა ერთიანი რუბრიკით – „რეკლამა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს…

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სატელევიზიო ეთერი დახუნძლულია ქართული სარეკლამო პროდუქციით, საკმაოდ ცოტა რეკლამა დამამახსოვრდა. რატომ? ნურც ზედმეტ პრეტენზიულობაში ჩამითვლით და არც ზედმეტად ჭირვეული გეგონოთ, მაგრამ ქართული რეკლამა ნამდვილად განიცდის ხარისხიანი იდეების ნაკლებობას. სრულიად შეგნებულად არ ვხმარობ უკვე სამწუხაროდ გაცვეთილ „კრეატიულს“, ვინაიდან ნამდვილად შემოქმედებითი სიახლე, აი, წარმოუდგენელი იშვიათობაა.

სწორედ ხარისხიანი იდეა გახლავთ რეკლამის ეფექტურობის უმთავრესი წინაპირობა. რეკლამა, რომელიც ძლიერ იდეაზეა აგებული უფრო იქცევს ყურადღებას, მომხმარებლის კეთილგანწყობასაც მალევე მოიპოვებს, უფრო დასამახსოვრებელი ხდება და რაც მთავარია, საშუალებას იძლევა დასახულ მიზანს უმცირესი დანახარჯებით მივაღწიოთ.

რა არის სარეკლამო იდეა – ეს გახლავთ სარეკლამო გზავნილის განსაზღვრული მხატვრული ფორმით შეფუთვა, მომხმარებლისთვის პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებების და უპირატესობების ხატოვნად, არგუმენტირებულად დამაჯერებლად მიწოდება.

კარგად დასამახსოვრებელი ტექსტი, სახე, სლოგანი, სცენარი, ილუსტრაცია, მუსიკა ან ყველა ამ კომპონენტის ერთიანობა გვაწვდის სარეკლამო იდეას. ეს ელემენტები გვეხმარება მომხმარებლამდე ეფექტურად მივიტანოთ და წარვადგინოთ საჭირო ინფორმაცია.

ბევრი ვწერე ზოგადად. მგონი დროა ჩემს საყვარელ რეკლამაზე ვისაუბრო. ალბათ უკვე მიხვდით თუ რომელზე…

რატომ მომწონს ის? პასუხი ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ სწორედ ამ პასუხიდან მიხვდებით თუ რა პრინციპებით უნდა იყოს აგებული ხარისხიანი სარეკლამო იდეა, რათა რეკლამა წარმატებული გახდეს.

„კუზანოვის კლინიკის“ საიმიჯო რეკლამა მომწონს იმიტომ რომ:

  • ორიგინალური და მოულოდნელია. თავისუფალია შტამპისგან (დაშტამპული რეკლამა არ აინტერესებთ და მალე ავიწყდებათ) და უბრალოდ Copy/Paste-ის პრინციპით არ იმეორებს სხვის მიერ ათვისებულ და კარგად დამკვიდრებულ ხერხებს. კლიპის შემქმნელებმა გამოიყენეს ინქინგი, კომიქსის კონტრასტული დამუშავების ტექნიკა, რომელიც ადრე ქართულ სარეკლამო სივრცეში არ შემხვედრია, თუმცა შემდეგ გამოუჩნდა მიმბაძველები;
  • მაქსიმალურად ზუსტად არის გადმოცემული რეკლამის მთავარი აზრი. ყველა იდეას შემოწმება უნდა და კრეატივი უნდა ეთანხმებოდეს შინაარს. ხშირად გასართობი და იუმორისტული მხარის წინ წამოწევა თუ ის გადამეტებულია, ამცირებს რეკლამის ეფექტურობას და არამოქმედს ხდის მას, ვინაიდან რეკლამის არსი ჩრდილში ექცევა. ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპირო სიტუაცია იქმნება. ფაქიზი და დახვეწილი იუმორი მთელ კლიპს რეფრენად გასდევს, არც თავს გაბეზრებს და ბოლოს საჭირო კულმინაციამდე მიდის. ხოლო გამოსახულების კომიქსად გადაქცევა არაჩვეულებრივი ხერხია, რომელიც ზუსტ აქცენტებს სვამს, რომ ბოლო სათქმელი გვითხრას;
  • სარეკლამო კლიპი მაქსიმალურად გამახსოვრდება;
  • მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სად პლასტიკური ქირურგია და სად მოცემული ისტორია, მაგრამ ის სრულიად რელევანტურია შეთავაზებული პროდუქტის;
  • ბოლომდე დაფარულია რაზე მიდის საუბარი, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ნათელი და უბრალოა. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ელოდები დასასრულს. რეკლამას არ უყვარს ზედმეტი „ფილოსოფოსობა“. ის ხელოვნების ის ჟანრია, სადაც სრულიადაც არაა საჭირო დაძაბული იჭყლეტდე ტვინს რეკლამის დასასრულს იმაზე, თუ რაზე გესაუბრებოდნენ. სწრაფად და ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხვდეთ თუ რას გთავაზობს პროდუქტის მეპატრონე;
  • ემოციურად დატვირთულია. კარგი იდეები, ყოველთვის გვაიძულებენ „რაღაც“ შევიგრძნოთ;
  • რეკლამა დამაჯერებელია. მიუხედავად იმისა, რომ არ გვესმის არცერთი სიტყვა, გამოსახულება, რომელსაც 42 წამის განმავლობაში ვუყურებთ, იმდენად დამაჯერებლად „მოგვითხრობს“ ისტორიას, რომ უნებურად ვერც ვამჩნევთ, არცერთი სიტყვა რომ არ მოგვისმენია და მაინც დარწმუნებული ვართ – სრულიად შესაძლებელია ასე შევიცვალო;  🙂
  • შემიძლია ვთქვა, რეკლამა თითქმის უნივერსალურია, ვინაიდან მისი ელემენტების გამოყენება თავისუფლად შეიძლება სხვა სარეკლამო მატარებლებზე (ბეჭდური მედია, ბილბორდები);
  • და რაც მთავარია – რეკლამა პერსპექტიულია. რას ვგულისხმობ? მისი გამოყენება ხანგრძლივი დროით შეიძლება, იდეა არ დაბერდება და შეიძლება მისი დროში განვითარება. კარგი იდეის წლებით „ექსპლუატაცია“ შეიძლება.

მგონი საკმარისად ვწერე, უმჯობესია კიდევ ერთხელ დავხედოთ იმ რეკლამას, რომელსაც 2010 წლის საუკეთესო ქართულ ვიდეო რეკლამად მივიჩნევ.

ავტორი: psiqea

ePR Expert

10 thoughts on “რეკლამა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს…

  1. :)))) კარგი რეკლამა იყო ნამდვილად, გამომაცოცხლა ცოტა.
    პ.ს. ისე შეიძლება აღმოჩნდეს რომ უცხოური რეკლამის კლონია :))

    1. გამორიცხულია 🙂 იმიტომ რომ ავტორი “ლაბორატორია 919”-ია და არა “მეტრო ან “სარკე” 🙂
      მე კლონებს არ ვწყალობ. შეგიძლია ჩემი სხვა ჩანაწერები ნახო

  2. მართლა კარგი რეკლამაა -ორიგინალი და ამავე დროს ორიგინალური 🙂 ქართულ სარეკლამო სივრცეში მართლაც ერთეულებია ასეთი.

  3. მშვენიერი რეკლამაა… არ მესმის, ასეთი რეკლამების მოფიქრება თუ მართლა შეგვიძლია… რაღატომ ვხდებით პლაგიატორები???

    1. ჭიკარტი, რა თქმა უნდა შეგვიძლია. მაგრამ მასეთი რეკლამის იდეა რომ მოიფიქრო სერიოზული განათლება უნდა გქონდეს, მინიმუმ 15 წლიანი უცხოეთში მიღებული სამუშაო გამოცდილება და უამრავი წიგნი წაკითხული, რომელიც რეკლამის შექმნის წესებს გასწავლის. ამ კლიპის ავტორები არ პლაგიატობენ და არასოდეს მიმართავენ ტყუილს.
      მთავარი მაინც სხვაა, ჩვენი საზოგადოება იღებს ამ გადამუშავებულ მეორად პროდუქტს, და ეს ძალიან ცუდია.

      1. გეთანხმები… მთავარი როლი მაინც საზოგადოებას ეკოთვნის.. (საერთოდ ყველა თემასთან მიმართებაში) თუ ეს თავიანთი იდეაა და არ პლაგიატობენ, მაგას რა ჯობია.. : ))

      2. რა თქმა უნდა თავიანთია. 🙂 რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია ეს რგოლი… პლაგიატს ოქროს მედლები არ ექნებოდა. უბრალოდ, იმდენად ეჭვიანები გაგვხადა ზოგ8იერთმა კომპანიამ, რომ აღარ გვჯერა რეალური შემოქმედებითობის.
        კიდევ ვიმეორებ – ეს არც “მეტროა”, არც “სარკე” – ეს “ლაბორატორია 919”. ნაკლებად იპიარებენ თავს: https://www.facebook.com/pages/919/159110600788903

Leave a reply to Lord Vader კომენტარის გაუქმება