„ჩემი ცოლის დაქალები“…

chemicolis daqalebi

სერიალი, რომელმაც ისევ გამახსენა ბლოგი🙂

დიდი ხანია მსურდა დამეწერა ამ სერიალზე, მაგრამ ხან დრო არ მყოფნიდა, ხან არ ვიცოდი საიდან დამეწყო. ერთი კი ნამდვილად ვიცი, რაც მისი ყურება დავიწყე არცერთი სერია არ გამომიტოვებია. ის ერთადერთი ქართული სატელევიზიო პროდუქტია, რომელსაც მუდმივად ვუყურებ.

საკითხს მეტად გავამარტივებ თუ ვიტყვი, რომ სერიალი უბრალოდ კომედიური ჟანრისაა. თუმცა არც ძალიან ჩავუღრმავდები მის ჟანრობრივ მიკუთვნებულობას, ამჟამად ეს სრულიადაც არ მაინტერესებს.

არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ პირადად ჩემთვის სერიალში სიუჟეტის განვითარებაზე მეტად ღირებული არის თითოეული პერსონაჟის ხასიათის თითქმის იდეალურად „გამოჩორკნა“. სწორედ გმირთა ხასიათები ქმნიან იმ მრავალფეროვან ურთიერთობებს, რაც საბოლოოდ ქმნის სერიალის გმირთა ყოველდღიურობას. ეს ყოველივე კი, მაყურებლისთვის ერთ მთლიან თავშესაქცევ სანახაობად იქცევა.

სერიალს არ ჰყავს უნაკლო „იდეალური გმირი“, რომელიც რაიმე მაგალითის მიმცემი იქნება. როდესაც კომენტარებს გადავხედავ ხოლმე ამა თუ იმ სერიის დასრულების შემდეგ, სულ ეს გრძნობა მიჩნდება, რომ პუბლიკა იდეალს ეძებს და ხან ერთ გმირს აქცევს ასეთად და ხან მეორეს. ხოლო, სერიალის შემქმნელების მიზანი იდეალის ძიება სრულიადაც არაა. ალბათ ამის ბრალიცაა, რომ ახალ სეზონში დათოს ქმედება ლამის გამოუსწორებელ ტრაგედიად აღიქმება. არადა თუ ემოციას გვერდით გადავდებთ და რამდენიმე კითხვას დავსვამთ, უცებ შეიძლება დათო გავამართლოთ კიდეც. ისე ნინას, ერთხელ მაინც უყურებია ქმართან ერთად ფეხბურთისთვის? სერიალში არასოდეს. შეიძება საერთოდ არ გაინტერესებდეს ფეხბურთი, მაგრამ საყვარელ ადამიანს ერთხელ მაინც „გაუსწორო ხასიათი“ და მის გატაცებას სრული იგნორირება არ გაუკეთო ხომ შეიძლება?:)

მაყურებელთა კომენტარები შემთხვევით არ ვახსენე. გმირების მიმართ დამოკიდებულებებით ნათლად ჩანს, თუ როგორი ღირებულებათა სისტემა დომინირებს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, მთლიან საზოგადოებაში არა, მაგრამ რაღაც ნაწილში ხომ არის?

ხშირად მაყურებელი მსახიობისადმი სიმპათიითაც აფასებს მის მიერ შესრულებულ გმირს და არ უფიქრდება გმირის ხასიათს არანაირად. ცუდია, როდესაც მხოლოდ ზედაპირი აინტერესებს და არც ცდილობ ცოტა უფრო მეტად დაფიქრდე.

სცენარისტი და რეჟისორი საზოგადოებაში გამჯდარ სტერეოტიპებზე საკმაოდ მკვეთრ აქცენტებს აკეთებენ მუდმივად, რაც პუბლიკას ხშირად აღიზიანებს. ეს კი ნიშნავს, აქცენტები ზუსტად არის დასმული. არ დავიჯერებ რომ მითხრათ – სარკეში რომ უცქერით საკუთარ თავს, არ გსურთ სულ ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ🙂. ხან უძილარი და დაღლილი ხარ და ცდილობ ფერუმარილით დამალო შავი რგოლები თვალის უპეებთან, თუმც ეს მხოლოდ მაკიაჟია და დაღლილობას ვერ მოხსნის, მხოლოდ თავს იტყუებ.🙂

მსახიობები:

თითოეულ პერსონაჟს სცენარისტის და რეჟისორის შემდეგ ქმნის მსახიობი. მას მოაქვს ჩვენამდე გმირი და მისი  შეფასება უკვე ასე ხდება. თუ მსახიობი ვერ თამაშობს, რაც არ უნდა კარგად დაწერილი დიალოგი იყოს, ის ყალბი გეჩვენება.

რომელი მსახიობის თამაში მომწონს სერიალში? ნელიკო, დათო, ხურცილავა, ჯემალი ბაბუ, მანანა ბებო. კატო (ნინო გაჩეჩილაძე) მხოლოდ ბოლოს მიუახლოვდა თავის გმირს. ნინაც ნელ-ნელა გაიზარდა. თინა რაღაცნაირი ოდნავ ყალბია, გაცილებით უკეთ თამაშს ვისურვებდი, სულ უკმარობის გრძნობა მაქვს – მსახიობს თავისი გმირი ბოლომდე ვერ გაუგია.

ალბათ მიხვდით, თანამიმდევრობა შემთხვევითი არ მაქვს. ვერ წარმომიდგენია ბაია დვალიშვილის გარდა სხვა ნელიკო🙂 ისევე როგორც ხურცილავა ვანიკო თარხნიშვილის გარეშე. რომ არა ვანიკო, ხურცილავა საკმაოდ უინტერესო ეგოისტი ტიპი იქნებოდა.

არ მომწონდა დიმიტრი ტატიშვილის თამაში. არ გამოვრიცხავ სუბიექტურიც ვიყო, ვინაიდან თავად ტატიშვილის გმირი არ მხიბლავდა. ისევ ვიხმარ „ყალბს“, მაგრამ ჩემთვის გმირის ხასიათი და სამსახიობო შესრულება აცდენილი წრფეები იყვნენ სივრცეში დაკარგულები🙂

დაბოლოს:

მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ამ სერიალზე საუბარს.  ჩემი პირველი პოსტი კი ყველაზე „ზერელე“ მიმოხილვაა. გადავწყვიტე ყველა პერსონაჟი ცალ-ცალკე დავახასიათო და „ნელიკოთი“ დავიწყებ…

P.S.