ნელიკო

02რატომ?🙂

„რატომ?“ – ნელიკომ ეს კითხვა შემაყვარა.🙂 ხან გაუაზრებლად ან სრულიად მიზანმიმართულად, ხანაც უადგილოდ ან გულუბრყვილოდ ნათქვამი „რატომ“ მისგან მაინც განსაკუთრებულად ჟღერს ხოლმე. ვინ არის ნელიკო? დათოს ცოლის დაქალის დედა, არამთავარი პერსონაჟი, რომელიც ბაია დვალიშვილმა სერიალის ერთ-ერთ უსაყვარლეს და საინტერესო სახედ აქცია. 

ალბათ გაგიგიათ ან ამოგიკითხავთ მაინც – მსახიობი კარგად მოერგო როლს, განასახიერა, ითამაშა და ა.შ. მე კი ვიტყვი – ბარბარემ ნელი-კო შექმნა, ვინაიდან ჯერ კარგად დაინახა და გააცნობიერა გმირი, შემდეგ კი თავისიც დაამატა (ამაში დარწმუნებული ვარ). ზედმეტად თავდაჯერებული არ გეგონოთ (ან შეიძლება ვარ კიდეც), მაგრამ ინტონაცია, რომლითაც გმირი გვესაუბრება, გამოხედვა, ყველა მოქმედება იმპულსური თუ გათვლილი, სამსახიობო ოსტატობის იმ კლასს მაჩვენებს, სადაც არცერთი ყალბი ან არასაჭირო არც ბგერა და არც ჟესტი არაა. მსახიობმა გმირი უბრალოდ შეაყვარა მაყურებელს, იმდენად სახასიათო ე.წ. „ქალური ბედნიერების“ მაძიებელი სახე შექმნა, ჩვენში გამჯდარ სტერეოტიპებს ასე კარგად რომ ესალბუნება.   ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.

07

ნელიკო თავისებურად ბედნიერი ქალია, ვინაიდან ის იმაზე მეტს არ მოითხოვს ცხოვრებისგან ვიდრე აქვს და რასაც ითხოვს – აქვს კიდეც. ერთი შეხედვით მეოცნებე და გულუბრყვილო, ზედმეტად რეალისტიც კია. ის კი არ ოცნებობს რაღაც „მითიურ“ მამაკაცზე, არამედ ერთი არაფრით გამორჩეული „ობივატელიც“ სრულიად აკმაყოფილებს მის გვერდით. ბოლოს და ბოლოს კაცია სახლში (კაცი სახლში აუცილებელია – ნელიკო).

08

მთელი სერიალის მანძილზე გმირი შოთიკოს მისტირის და იხსენებს, რამდენად კარგი ქმარი იყო ის. ბოლოს კი საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასე საყვარელ ქმარზე იმაზე მეტი მოსაგონარი არ აქვს, ვიდრე სუფრა, ქეიფი და ქმრის გასტრონომიული მოთხოვნილებებია. გახსოვთ, ალბათ, ის ეპიზოდი სატელევიზიო გადაცემის ჩაწერისა, ბოლოს მხოლოდ ეპიზოდურად რომ გაიელვებს სიუჟეტში მთელი დღის ემოციური ლოდინის შემდეგ. მაშინ ნელიკო შემეცოდა არა იმიტომ, რომ მხოლოდ წამიერად გაიელვა, არამედ იმიტომ რომ მისი „ქალური ბედნიერების“ ანი და ჰოე სამზარეულოდან იწყება და იქვე მთავრდება. თუმც,  მას ამაზე მეტის მოთხოვნილება სულაც არ აქვს. ის თავის სივრცეში ბედნიერია და ჩემი შეფასება შესაძლოა უადგილოც კია.

ნელიკო და ავთო.

01ორი სეზონი გვანერვიულეს სერიალის ავტორებმა, რომ ბოლოს  დაელაგებინათ ამ წყვილის ურთიერთობა. ვინ არ ჩაერია მასში, მაგრამ ნელიკო ბოლოს მაინც იმას იღებს, რაც თავად სურს. მას არ სურს იყოს მარტო, კაცის გარეშე და ამას საკმაოდ პრაგმატულად აკეთებს. ერთი შეხედვით დამყოლი, რბილი და სხვის აზრზე დამოკიდებული გმირი, რომელიც მხოლოდ „ღრუბლებში დაფრინავს“, არც ისე გულუბრყვილოა. მას საკუთარი მიზანი და სურვილები ბოლომდე მიჰყავს. რაც მთავარია ზუსტად იცის რა უნდა და ბოლოს ყოველთვის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

რას ვგულისხმობ? გახსოვთ ალბათ, ავთოს ლოთობისგან თავგაბეზრებულმა მისი ჩემოდანი რომ ჩაალაგა და კარისკენ მიუთითა. და მეორე, მიუხედავად ბევრი ჭორისა თუ სიმართლისა, მაინც გადაწყვეტს შეურიგდეს ავთოს და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შეაცვლევინებს.

ამიტომ მულის რეპლიკა – „ნელიკო შენ კიდევ ვერ გაიზარდე“ – ლიას მხრიდან ნელიკოს მხოლოდ მისი პრიზმიდან შეფასებაა და მეტი არაფერი.

04მას „ქალური ბედნიერების“ საკუთარი ფორმულა და ალქიმია აქვს. და თუ ჩემი გადასახედიდან მისი პიროვნული რეალიზაციაა მხოლოდ სამზარეულოში მოხდა და არა იგივე როიალთან და ეს ჩემთვის ნაკლია, მისთვის სრულიად მისაღები მისივე ცხოვრებაა.

დედა და შვილი:

06ალბათ, ამ ორის ურთიერთობა უმჯობესია თინაზე საუბრისას განვიხილოთ. ერთს კი ვიტყვი, მიუხედავად სხვადასხვა ხასიათისა, ისინი ერთმანეთს სჭირდებიან და ერთმანეთს ავსებენ. ნელიკო კი ერთადერთია თინასთვის, ვის მკერდშიც შვილი თავს უფლებას მისცემს რომ იტიროს…

***

კეთილი, თბილი, ხანდახან მოსულელო, ზოგჯერ ინფანტილური და ზომიერად ეჭვიანიც, კარგი დიასახლისი, დამყოლი დედა და ა.შ. ეს ყველაფერი ნელიკოა🙂 ერთი სიტყვით, ის ქალია მთელი თავისი სისუსტეებითა და სიძლიერით, უბრალოდ ქალი.

P.S. კინაღამ დამავიწყდა. სერიალის შემქმნელები არცერთ ზრდასრულ გმირს არ ეძახიან სახელს კნინობით-ალერსობითი ფორმით მთელი ფილმის განმავლობაში, მხოლოდ ნელი-კოს. (მანანას – ჩემი დათუნა და ლიკუნა ამჯერად არ ითვლება🙂, ხოლო მარიკუნა, ჯეკო, ტასუნა ჯერ ბავშვები არიან :)).