“დაქალები – უნდა მოვიფიქროთ რისი კეთებაც სამივეს შეგვიძლია…”

01

“- იცი რა, ისეთი რაღაც უნდა მოვიფიქროთ რისი კეთებაც სამივეს შეგვიძლია რა.
– საჭმელი.”

დროის უქონლობის გამო დიდი ხანია ვერ „მივხედე“ სერიალს. შემდეგი ჩემი წერილი დათოს ეხებოდა, მაგრამ ვინაიდან ჯერ მოვლენები ბოლომდე არ დასრულებულა, უბრალოდ გადავწყვიტე დღევანდელ სერიაზე ვისაუბრო,  რატომ? მიზეზი ერთია. დღეს „ჩემი ცოლის დაქალების“ Facebook-ის გვერდზე რომ შევედი, ამან გადამაწყვეტინა.

კომენტარების უმეტესობა ბოლო ორ სერიას კატეგორიულად იწუნებს, ოღონდ რატომ – ამას არავინ ამბობს. არადა, მე დღევანდელი სერია ძალიანაც მომეწონა. მომეწონა იმ მინიშნებებით, რაც სერიაში იყო (და არა მხოლოდ დღევანდელში). თითოეული დეტალი თუ დიალოგი ისე ზუსტადაა გათვლილი, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, სად გაახსენდათ მეთქი, ვფიქრობ.

ჩამოვთვალო? აი, ბატონო….

გახსოვთ ალბათ, დათომ სამსახური რომ დაკარგა, პირველი რაზეც ფიქრი დაიწყო საქმე იყო. …და წამოიწყეს  თავიდანვე  განწირული საქმე, უბრალოდ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს (ვერ შესძლეს).

ახლაც ეს ჩვენი დიასახლისები მარტონი აღმოჩნდნენ სირთულეების წინაშე. რეალობა კი ის  არის, რომ საჭმლის კეთებისა და ცხობის მეტი არაფერი შეუძლიათ (მერე რა რომ ნინამ და ნატაშკამ ერთ დროს მათემატიკა ძალიან კარგად იცოდნენ, რაში ადგებათ? არაფერში) … თუმცა ამ ეტაპზე თავისი ერთადერთი „ცოდნით“ ფულის კეთების დაწყებას თაკილობენ კიდეც🙂. ჩემი აზრით მიზეზი ამისი ერთია – რეალური არსებობისთვის ბრძოლის დრო არცერთს არ დასდგომია. მერე რაოდენ ძნელია იმის აღიარებაც, რომ სახლსა და სახლის გარეთაც ერთი და იგივე საქმე უნდა აკეთო, ვინაიდან მეტის უნარი უბრალოდ აღარ გაქვს?

თუ დააკვირდებით, სერიალის უმეტესი გმირები დიასახლისები არიან. ყველა სხვადასხვა ტიპია და სხვადასხვაგვარად ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას. და რაც მთავარია, არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს. მაია არ ჰგავს ნელიკოს, ნინა არ ჰგავს მანანას და ა.შ..

„დათუნას“ გაქცევაც ღორეშაში საინტერესოა. თურმე დაიღალა ბიჭი ყველაფრით და რა კარგია წყნარი ცხოვრება კაი საჭმლითა და სასმელით🙂 ჰოო, მიწაზე თოხს დარტყმა რომ უნდა, ეს კი ავიწყდება. მიუხედავადა მანანას ქოთქოთის, დათო სუსტი კაცია და ეს თავიდანვე კარგად სჩანდა. მაყურებლებმა კი ის, ლამის იდეალურ ქმრად და კაცად დასახა.  მისთვის უჩვეულო სიტუაციაში ერთხელ აღმოჩნდა და დაიბნა ბრინჯივით. ჰოდა, ახლაც ურჩევნია უბრალოდ გაიქცეს და გადაიკარგოს, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. სირთულეებთან დათოს ჭიდილი არასოდეს გამოსდიოდა და არც ახლა გამოსდის🙂.

02

“- გეიარს, გამეიარს, გადაგრილდება და გოდუვლის”

იმერეთის სცენა იყო საოცრება🙂 ნეტავ სად დაიკარგა ის დიდი სიყვარული, რაც ეკასა (იმედი მაქს სახელი არ მეშლება) და მის შეყვარებულ ქონდათ, წიგნიც რომ დაატოვებინა? ასე იცის ლტოლვამ გადარევა, რას იზამ…

ბიძის შეგონებაში კი ქართველი  „სამამრეთის“ მთელი ფილოსოფია დევს🙂  (ყველა აქ თავის გულისტკივილს ჩადებს).

03

“ქე რო გაგვეპარა და ახლა წიგნის მაგივრად ბოვში რომ უნდა დეიჭიროს ხელში..” :))

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო სერიაში – კატოს სტუმრობა მამა დავითთან და მისი შეგონებები. ვიღაცისთვის აქ მნიშვნელოვანი იყო იმაზე ხაზგასმა, რომ  “მძიმე კაცს მსუბუქი ცოლი კი არა, თმენით სავსე თანამეცხედრე სჭირდება”.  რა თქმა უნდა აქ თავისუფლად შეიძლება დავინახოთ, ქალის როგორც მამაკაცთან თანასწორის, დაკნინება. თუმც, მე ეს მაინც ჩემებურად გავიგე, ვინაიდან ვთლი და ყოველთვის ვთვლიდი  – თუ ადამიანი გიყვარს ის უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის, უნდა დაუთმო კიდეც მაშინ როცა საჭიროა. ბოლოს და ბოლოს ის ხომ შენი არჩევანია და არა სხვისი. ადამიანები კი საკუთარ არჩევანს პატივს უნდა ვცემდეთ, ან უნდა შეგვწევდეს ძალა შეცდომის აღიარების და ამ არჩევანზე უარის თქმის. ჩვენ ხომ ჩვენი „თავის უფლები“ ვართ.

 ჩემთვის კი ამ სცენაში ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ფრაზები იყო:

კატო: მე სულ ვლოცულობ როცა მცალია…

მამა დავითი: არა, როცა გცალია არა, როცა გულით გინდა მაშინ უნდა ილოცო, ფარისევლის ლოცვას რომ არ დაემსგავსო შენი ლოცვა“.

კატოსთვის და არა მხოლოდ მისთვის, ლოცვა მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი რიტუალი რიტუალისთვისვე შესრულებული და არა შინაგანი მოთხოვნილება. დღეს ეს ჩვენი საზოგადოების სენია. არ მეჩხუბოთ ოღონდ…

მე მომეწონა დღევანდელი სერია…  ადამიანებს კი არ უყვართ, როდესაც უცებ საკუთარ თავს აღმოაჩენენ ოდნავ გაშარჟებულს… ჩვენ არ გვიყვარს ვინმე ჩვენს სისუსტეს რომ შეგვაგრძნობინებს. ნურც მე გეგონებით  გამონაკლისი, უბრალოდ დისტანცირება შემიძლია და საკუთარი თავის დაცინვაც. ასე გაცილებით ადვილია…

სერიის ბოლოს ახალი გმირი გამოჩნდება, ქალი რომელსაც გადაადგილება მხოლოდ ეტლით შეუძლია. გამიხარდა, სერიალში საზოგადოების კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე თუ იქნება აქცენტები გაკეთებული. ეს პრობლემა კი, უნარშეზღუდული ადამიანების სოციუმში სრული ინტეგრაციის არქონაა.

მომავალ სერიამდე…🙂