ფაქტოიდი: ქალაქის თავი, შავი კატა და „აღვირახსნილი პრივატიზაციის“ მამა…

შავი კატაპოლიტიკაში  ერთგვარი მიღებული წესია /ზნეობრივი თუ უზნეო ამაზე არ ვსაუბრობ/, ჭორების გავრცელების საშუალებით დაამარცხო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. 1970-იან წლებში, რიჩარდ ნიქსონის წინაასაარჩევნო შტაბს ჰყავდა სპეციალურად დაქირავებული „მოენე თაღლითები“, რომლებიც ათას ჭორს ავრცელებდნენ დემოკრატ კანდიდატებზე. სწორედ მსგავსი ჭორების გავრცელების შედეგად მოხსნა თავისი კანდიდატურა ედმუნდ მასკიმ, არადა ის ლიდერობდა… ფაქტოიდები დღესაც მეტად მოდაშია და ის ვრცელდება ე.წ. „ კულუარული ინფორმაციის გამოჟონვით“ სანდო წყაროებიდან. ეს მეტად ნაცნობი ხერხია და არც არახალია, რომ რომელიმე ქართველმა ჟურნალისტმა მსგავსი ქმედებისათვის პიონერობა მიიწეროს.

მეტად მაინტერესებს, რა მიზანს ემსახურება ჟურნალისტი, როდესაც ამა თუ იმ სიცრუეს ფაქტად ასაღებს… ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია, სკანდალის ძიება თუ ვინმეს სურვილის შესრულება, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოდით ყველაფერი მათ სინდისზე დავტოვოთ და პროფესიულ ღირსებაზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი – როგორც ყველგან, ქართულ ჟურნალისტიკაშიც წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმი სუფევს. და იგივე „ფაქტოიდის“ მოფიქრებაშიც კი რაიმე ისეთს ვერ გვაწვდიან, რომ გულწრფელად დავიჯეროთ… თუმცა, არა, არა, ის ძალიან კარგად მუშაობს  გარკვეულ პუბლიკაზე, რომელიც გადაეჩვია დაფიქრებას…

თემა ცოტა გადავუხვიე მგონი…

ეს სტატია-ფაქტოიდი, თავად ექსმინისტრმა კახა ბენდუქიძემ გააფიარა Facebook-ში, 🙂 თორემ მე იშვიათად ვკითხულობ „კვირის პალიტრას“ და სტატიაც უცნობი დარჩებოდა…

არ იფიქროთ თავი შეგაწყინოთ ამ სტატიის გარჩევით, თუ გაინტერესებთ, ბმულზე წაიკითხავთ.

“კახა ბენდუქიძემ საქართველო დატოვა?!” /ექსმინისტრის გასხვისებული ქონება და დაგვიანებული კრიტიკა ხელისუფლებას/

ჩემთვის უფრო საინტერესო ის ე.წ. გზავნილებია, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაში უნდა ჩაჯდეს როგორც ერთგვარი „სიმართლე“…

  • „აღვირახსნილი პრივატიზაციის“ მამა /საინტერესოა პრივატიზაცია ცხენია თუ თავსგასული მეძავი?! ;)/;
  • „ჩვენი ინფორმატორი ორჯერ შეგვეხმიანა“ – მეტად მონდომებული ყოფილა…
  • „ბენდუქიძემ ქვეყანა უკვე დატოვა, ისევ რუსეთს მიაშურა“ – შემდეგ თავადვე აღიარებს, რომ წელიწადნახევრის წინ გავრცელებული ინფო ტყუილია;
  • „მისი ტელეფონი საეჭვოდ დუმს…“ – ეს ჟურნალისტის აზრით საინტერესო მიგნებაა სიმართლის დასამტკიცებლად, თუმცა ის სრულიად აღარ ადარდებს, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია სახელშეცვლილი და სახეცვლილია;

მაგრამ რა არის მაინც ყველაზე მთავარი მესიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა დავიჯეროთ?  „ბენდუქიძესა და უგულავას შორის შავმა კატამ გაირბინა. ბიზნესინტერესები გადაიკვეთა…“ – აი, სადაა ძაღლის თავი დამალული… განა პატარა მიზეზია, რომ ბენდუქიძე ქვეყნიდან „გაიქცეს“?

მაინც რისკენაა მიმართული სტატია: ბენდუქიძის რუსულ წიაღში დაბრუნებასა თუ უგულავას ბიზნესინტერესებზე… მთავარი მესიჯი ჩემი აზრით, მეორეა – უგულავას ძალაუფლება აქვს და არანაკლებ „აღვირახსნილია“, ვიდრე „პრივატიზაციის მამიკო“… ამ შემთხვევაში, ყოფილი მინისტრი ნაკლებსაინტერესო უნდა იყოს მავანისათვის, თუმც ეს სულაც არ უშლის ხელს იმ ფაქტს, რომ ექსმინისტრსაც გაჰკრან კლანჭი…

მთავარი ფაქტოიდი, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში უნდა ჩაიბეჭდოს:

ქალაქის თავი – შავი კატა – „ძალაუფლებაწართმეული“ ექსმინისტრი.

ხოლო კავშირი ამ ტრიადაში თავად ეძებეთ, თუგინდა „პიქსელში“ და თუგინდ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში. 🙂

ავტორი: psiqea

ePR Expert

5 thoughts on “ფაქტოიდი: ქალაქის თავი, შავი კატა და „აღვირახსნილი პრივატიზაციის“ მამა…

  1. ყველაზე საინტერესო ის არის, მიუხედავად იმისა რომ ეს ფაქტოიდები ხანდახან აშკარად ფანტასტიკის სფეროდან არიან, ჩვენთან ისინი თავის გასაკეთებელ საქმეს მშვენივრად აკეთებენ.

    კვირის პალიტრა კი ასეთ სტატიებში ხშირად მყავს შემჩნეული, და ეს არამხოლოდ ცნობადი სახეებისადმი არის მიმართული. ზოგჯერ მისი საშუალებით “პატარ-პატარა საქმეებიც” კეთდება. მთავარია, ვისი ნაცნობი/ნათესავია ჟურნალისტი.

  2. კი, მართალი ხარ… და არა მხოლოდ კვირის პალიტრა აკეთებს ასეთ “პატარ-პატარა საქმეებს”… უბრალოდ, ჩვენთან უფრო მუშაობს ვირუსული ფიარი, ვიდრე სიმართლე… ეს ეტყპბა წარსულიდან მოდის… თუმცა, მინდა გითხრა, რომ კარგად შეფუთული ტყუილი, თითქმის ყველა საზოაგდოებაზე ახდენს გავლენას… ჩვენ გამორჩეულები არა ვართ… მთელი ირონია ისაა, რომ ამ ტყუილს შესაბამისად ვერა ვფუთავთ, მაგრამ პუბლიკა მაინც იღებს…

    1. ვფიქრობ, შეფუთვა იმიტომ არ ხდება რომ უბრალოდ მოთხოვნილება არაა.

      მოთხოვნა-მიწოდების პრინციპია 🙂 თუ იმასაც ყლაპავს პუბლიკა, რა საჭიროა გონების ზედმეტი დაძაბვა?

  3. იქნებ შენი დასკვნებიც რომელიმე სხვა ”გზავნილის” კაუჭზე წამოგებული ნააზრევია ?
    ძაან ძნელია გაარჩიო მართალ ტყუილი და თუ აღმოჩნდა რომ მავანი შენზე ჭკვიანია და შენზე ერთი ნაბიჯით მეტი გათვალა ის ყოველთვის წამოგაგებს მის მესიჯის კაუჭზე 😦

    1. გულწრფელად გითხრა, საერთოდ არ ვკითხულობ გაზეთებს უკვე 2005 წლიდან, მას შემდეგ რაც ის ჩემი პროფესიული მოვალეობე აღარაა. ამ შემთხვევაში რაიმე აზრის გავლენა არა მგონია მქონოდა… სულ ცოტა ერთი წლის პრესის თავლის შევლება მაინც მჭირდება ამ საკითხზე და ამის შემდეგ დაგიდებ, საიდან მოდის ესა თუ ის გზავნილი… მაგრამ, გულწრფელად გითხრა, ძალიან მეზარება ეს… 🙂 მაგრამ ერთი კი ნამდვილად ფაქტოიდია, არ მეთანხმები – ბენდუქიძე არსად არ წასულა…

დატოვე კომენტარი